CBS News-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რუსეთის სარდლობამ უკრაინაში შეჭრის ბრძანება მიიღო, ხოლო მეთაურები ბრძოლის ველზე მანევრებთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმებს აწყობენ.
“დაზვერვა იმაზე მიუთითებს, რომ ისინი იმ ყველაფერს აკეთებენ, რასაც ამერიკელი სამხედროები მოიმოქმედებდნენ, მათ რომ მიეღოთ [საბრძოლო] მოქმედებების დაწყების ბრძანება. ასე რომ, ისინი არამხოლოდ უფრო და უფრო უახლოვდებიან საზღვარს და თავდასხმით პოზიციებს, არამედ, ადგილზე მყოფი მეთაურები ადგენენ კონკრეტულ გეგმებს, თუ როგორ იმოქმედონ ბრძოლის ველზე”, – იტყობინება “სიბიეს ნიუსის” კორესპონდენტი დევიდ მარტინი.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, შეჭრა შეიძლება დაიწყოს კიევზე თავდასხმით, ამასთან, ოფიციალური მოსკოვი უკრაინაზე კიბერთავდასხმის განხორციელებას გეგმავს.
ამასთან, როგორც CBS News წერს, ეს ბრძანბა არ ნიშნავს, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა გარდაუვალია.
“ჯერ კიდევ შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შეცვალოს თავისი ბრძანებები, თუ შეჭრას გადაიფიქრებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.