ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ხმათა სრული უმრავლესობით უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც დაგმობილია რუსეთის აგრესიული ქმედებები.
“ამ რეზოლუციის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ ამერიკელ კანონმდებლებს ორივე პარტიიდან, უკრაინის დაცვის საერთო მისწრაფება აქვთ”, – განაცხადა დემოკრატიული პარტიის წევრმა, ჩაკ შუმერმა.
როგორც რეზოლუციის ტექსტშია აღნიშნული, სენატორები ვაშინგრონს მიმართავენ, ოფიციალურ კიევს “პოლიტიკური, დიპლომატიური და სამხედრო მხარდაჭერა” აღმოუჩინონ, მათ შორის, ქვეყანას დამატებით გაუგზავნონ საბრძოლო იარაღი.
კანონმდებლები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მიმართავენ – “რუსეთის მხრიდან უკრაინაში რაიმე სახით შეჭრის, ანაც ზიანისმომტანი ქმედებების შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს შეუქმნის უკრაინას, გამოიყენონ ყველა შესაძლო ინსტრუმენტი”.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ რეზოლუცია არ უნდა იყოს გაგებული, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებისკენ, ან უკრაინაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების შეყვანისკენ მოწოდება.