Interview ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კლუბური ნარკოტიკის გამო, ბევრ ადამიანს ცხოვრება დანგრევია – ბლიც-ინტერვიუ მამა შალვასთან

რა პოზიცია აქვს ვაქცინაციაზე, გაუსინჯავს თუ არა მარიხუანა, თვლის თუ არა, რომ ინტერნეტ-ბულინგის ობიექტია. “მეტრონომი” ამ და სხვა თემებზე მამა შალვა კეკელიასთან ჩაწერილ ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ.

ბოლოს რა წიგნი წაიკითხეთ?

საეკლესიო წიგნებიდან, ახლა ვკითხულობ წმინდა ალექსი შუშანიას მოთხრობებს და ქადაგებებს; საეროდან – დოსტოევსკის ძმები კარამაზოვები წავიკითხე.

რა მუსიკას უსმენთ და კონკრეტულად ვის?

ძირითადად, საგალობლებს ვუსმენ. ძალიან მიყვარს ქართული ხალხური სიმღერები. ჰამლეტ გონაშვილია ჩემი საყვარელი შემსრულებელი.

რა არის თქვენი ჰობი?

ძირითადად, წიგნების კითხვა, ლოცვა და ქადაგებების მოსმენა, როგორც კი დრო მაქვს და ასევე, ფიქრი.

თქვენი აზრით, მიწისძვრა გეოლოგიური მოვლენაა თუ ღვთის სასჯელი?

მიწისძვრა შეიძლება ერთიც იყოს და მეორეც. არცერთი არ არის გამოსარიცხი. უფრო, ორივეს ერთობლიობაა.

გაკეთებული გაქვთ თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და რას ეტყოდით მრევლს ვაქცინაციასთან დაკავშირებით?

ყველა ადამიანს ღვთისგან აქვს მინიჭებული თავისუფალი ნება და ადამიანი არ შეიძლება არჩევანში შეიზღუდოს. ეკლესიას და მით უმეტეს, მოძღვარს არ აქვს იმის უფლება, რომ ადამიანს ვაქცინაცია აუკრძალოს, ან პირიქით, დაავალოს ვაქცინის გაკეთება. მე პირადად, არ გამიკეთებია აცრა.

თანამედროვე საქართველოში ვინ არის თქვენთვის ავტორიტეტი?

ჩემთვის, საქართველოში – პატრიარქი.

ემხრობოდით თუ არა რუსთაველზე ლგბტქ+ თემის მიერ ღირსების მარშის ჩატარებას?

არა, არანაირად. მე პირადად, ძალიან ბევრი ადამიანის აღსარებას ვიბარებ და იმ ადამიანების აღსარებაც ძალიან ბევრჯერ ჩამიბარებია, რომლებიც ამ მძიმე ცოდვაში არიან. მრუშების, “ლოთების”, ნარკომანების, მამათმავლების აღსარებაც მიმიღია. ეკლესია ნებისმიერ ცოდვილ ადამიანს იღებს, მაგრამ ეკლესია არ ამართლებს არცერთ ცოდვას. ნებისმიერი ცოდვის ქადაგება და პროპაგანდა, ეკლესიისთვის არის მიუღებელი. ჩემთვის [მარშით გამოსვლაც] მიუღებელია თავიდან ბოლომდე. ცოდვილები ჩვენთვის მისაღებია და პირიქით, ეკლესია ამ ადამიანებს პატრონობს, უვლის, როცა ადამიანს სინანული აქვს, მაგრამ არაფრით არ ვემხრობით არანაირი ცოდვის ქადაგებას.

მარიხუანა თუ მოგიწევიათ?

ერთხელ მხოლოდ, ბავშვობაში. ძალიან ვინანე. ნამდვილად, არც უნდა გამესინჯა. ღვთის მადლით, არ უმოქმედია ჩემზე. 90-იანი წლები იყო მაშინ და უბრალოდ, ბიჭების ზეგავლენით, მაშინ ეკლესიური ცხოვრებაც არ ვიცოდი და იმდენაც იმოქმედა გარემო-პირობებმა, მეგობრებმა, ერთხელ უბრალოდ “ნაპასი დაარტყიო“ და მორჩა, ეგ იყო და ეგ. არც გემო გამიგია, შინაგანადაც არ მდომებია ეს რომ გამეკეთებინა და ალბათ, ღმერთმაც არ გამაგებინა მაგის გემო საერთოდ და არც ვიცი, როგორია.

თქვენს სამღვდელო შესამოსელზე ხშირად სოციალურ ქსელში მიდის ქილიკი, რას უპასუხებდით ადამიანებს, რომლებიც თქვენს დაბულინგებას ცდილობენ?

პირველ რიგში, ეს არ არის ჩემი შესამოსელი, ეს არის საღვთო მსახურების ფორმა, რომლითაც ქუჩაში არ გავდივართ და მარტო ღვთის მსახურებაზე გვაცვია ეს ღვთის შესამოსელი. თვითონ სამღვდლო შესამოსელი, არის ფერადი და მე პირადად, სულ მაქვს ორი თუ სამი შესამოსელი, მეტი არც მქონია არასოდეს. ამიტომ, ვიღაცამ ჩემზე რაღაც ცუდი თქვა, მე ამას ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ და ჩემთვის ბულინგი არ ყოფილა. ეგ მათი პრობლემაა, ადამიანი როცა ამას ასე ლაპარაკობს; ჩემი პრობლემა ნამდვილად არ არის. მე არც გულთან მიმიტანია ეგ თემა, არც გავბრაზებულვარ, რადგან არაფერი არ დამიშავებია და პირიქით, როგორ შეიძლება თავი ვიგრძნო დამნაშავედ, რატომ მაცვია ღვთის მსახურების შესამოსელი და წირვაზე რატომ ვარ შემოსილი, ეს იგივეა, სპორტსმენს რომ ეცვას სამოსელი და სხვა რამე რატომ არ აცვიაო. ჩვენ წირვაზე ასე უნდა გვეცვას, ეს ღვთის არის და არა ჩემი. ამიტომ, არც კი ჩამითვლია, რომ ამით დამაბულინგეს.

ღამის კლუბებში თუ დადიოდით ან თუ დადიხართ?

ერთხელაც არ ვყოფილვარ ჩემს ცხოვრებაში, რადგან 17 წლის წამოვედი ეკლესიაში. აღსარებებიდან და ადამიანების მონაყოლიდან ვიცი, რა მდგომარეობაა იქ და უამრავი ადამიანი მინახავს, რომ ღამის კლუბიდან უმძიმეს მდგომარეობაში გამოსულა, გონება დაუკარგავს, გონება არევია, საშინელი სტრესი ჰქონიათ კლუბური ნარკოტიკის მიღების შემდეგ და უმძიმესი პრობლემები შექმნიათ, სულიერად დაავადებულან. ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება ვიცი, რომ განადგურებულა, ძალიან ბევრი ადამიანი გამხდარა ნარკოდამოკიდებული ღამის კლუბიდან, რაღაცა რომ დაულევიათ, ვიდეოებიც მაქვს ნანახი, უმძიმეს მდგომარეობაში სასწრაფოთი როგორ მიუყვანიათ. მეცხრე საავადმყოფოში, ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს ფეხბურთელი ბიჭი – ცხოვრებაში პირველად იყო ღამის კლუბში, რაღაც კლუბური ნარკოტიკები მიიღო და კინაღამ მოკვდა, ორი თვე, გონდაკარგული, აპარატზე იყო შეერთებული და ყოველდღე პარაკლისებს ვუხდიდით და ზეთს ვაცხებდით. მე არ მინდა, რომ ჩემი ერი ამ მდგომარეობაში იყოს და ახალგაზრდობა, მითუმეტეს. ჩვენ ვევედრებით ღმერთს, რომ ამ სენისგან ჩვენი ერი განიკურნოს, რადგან ეს ძალიან ხევს უკან ადამიანს. მე ძალიან ბევრ ნარკოდამოკიდებულთან მაქვს შეხება და ვინც მერე გამოსწორებულა, ყველა ამბობს, რომ ეს იყო მათთვის დაკარგული წლები. უმძიმესი, უსაშინლესი და ერთ-ერთი დამღუპველი სენია.

იტვირთბა....