არსებული ეპიდვითარების გამო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაგეგმილზე ადრე გამოცხადდეს, – მსგავსი რეკომენდაციით საზოგადოებას ჯანდაცვის ექსპერტმა და პროფესორმა დევი ტაბიძემ მიმართა.
აღნიშნულის შესახებ ტაბიძემ მედიაცენტრ “მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ბავშვთა მიმართულებით აუცილებელია, რომ სასწავლო პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დაიხუროს იმიტომ, რომ ამას შემდგომში არდადეგები მოსდევს. ჩემი პირადი რეკომენდაცია იქნება, ცოტა ადრე შევწყვიტოთ სწავლა და გადავიდეთ იმ არდადეგებზე, რომელიც მოდის.
ეს გარკვეულ პერიოდს მოგვცემს. ნახევარზე მეტი სკოლა, ნახევარზე მეტი კლასი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბავშვის ერთი დღე სკოლაში გაშვება ნიშნავს იმას, რომ შემდგომში სერიოზული პრობლემებია, თუმცა ბავშვები ამ შემთხვევაში ამ დაავადების ყველაზე კარგი გადამტანები არიან”, – აცხადებს ტაბიძე.
როგორც მან განმარტა, სკოლები და ბავშვების ზოგიერთი ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 315 შემთხვევა დადასტურდა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 55 ადამიანი ემსხვერპლა; გამოჯანმრთელდა 10 894 პაციენტი.