H1N1 ვირუსის, ანუ ე.წ. ღორის გრიპის სიმპტომები ჩვეულებრივი გრიპის მსგავსია. ვირუსის ნიშნებია: თავის ტკივილი, სხეულში მტვრევის შეგრძნება, კანკალი, სისველე ცხვირში, ყელის ტკივილი, ხველა, ცხელება, ორგანიზმის დასუსტება. ხანდახან ვლინდება დიარეა და ღებინება. დაავადების განვითარებისა და მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, იწყება პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა, რაც იშვიათ შემთხვევაში სიკვდილით სრულდება. როგორც სეზონურმა გრიპმა, ამ ვირუსმაც შეიძლება გააუარესოს მანამდე არსებული ქრონიკული დაავადების მიმდინარეობა.
ღორის გრიპისგან და ზოგადად, ვირუსებისგან თავდაცვის მთავარი წესია ხელების დაბანა. კარგია, თუ სიფრთხილეს გამოიჩენთ და არ შეეხებით ისეთ საგნებს ან ზედაპირებს, რომლებიც შესაძლოა დაინფიცირებული იყოს. მოერიდეთ დაინფიცირებულ ადამიანებთან პირისპირ კონტაქტს. პირბადე დაგიცავთ ცემინების ან ხველების დროს ჰაერში გაფანტული ვირუსული წვეთებისაგან.
მნიშვნელოვანია იმუნიტეტის გაძლიერება, რასაც ხელს უწყობს: დიდხანს ძილი, ფიზიკური აქტიურობა, სტრესებისაგან თავის არიდება, სითხეების მიღება უხვი რაოდენობით, ვიტამინებით მდიდარი და ბალანსირებული კვება.