ახალი ამბები სამართალი

ლევან ზურაბაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ლევან ზურაბაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა ბრალი გადაუკვალიფიცირა და სასჯელის ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ინფორმაციას პუბლიკა ავრცელებს.

ადვოკატის ინფორმაციით, 15 ნოემბერს ზურაბაშვილის საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ზურაბაშვილს ბრალი სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტით ედებოდა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

როგორც მისი ადვოკატი განმარტავს, საქმის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შემდეგ სასამართლომ ბრალი გადააკვალიფიცირა შედარებით უფრო მსუბუქ მუხლზე – სსკ-ის 143-ე მუხლის შესაბამის პუნქტზე, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და საბოლოდ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციომ დაახლოებით 1 კვირის წინ გამოაცხადა.

როგორც ადვოკატი ამბობს, გეგმავენ, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრონ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 20 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცის კუთვნილ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. პირმა მძევლად 9 ადამიანი აიყვანა.

ამასთან, თავდასხმელმა ლაივ ჩართვაში მოთხოვნები წამოაყენა. შეიარაღებულ პირს მთავრობასთან პოლიტიკური მოთხოვნები ჰქონდა. კერძოდ, შეიარაღებული პირი მოითხოვდა, პარლამენტში პოლიტიკოსები შეიკრიბონ და სამი კანონი მიიღონ.

1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში.

2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში.

3) ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10% მოგების უფლება მიეცეთ.

იტვირთბა....