ცესკომ პოლიტიკური პარტიებისთვის რიგითი ნომრის არჩევის საკითხი გაამარტივა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს:
“თუ გასულ არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტი განსხვავებული ნომრებით იყო წარმოდგენილი (მაგალითად, – 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზე სხვა ნომრით, ხოლო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სხვა ნომრით), არსებული ცვლილებით, მათ შესაძლებლობა ექნებათ ერთი რიგითი ნომერი აირჩიონ ორი სხვადასხვა სახის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ პარტია მონაწილეობდა ორივე საერთო არჩევნებში, მაგრამ ამჯერად მაგალითისთვის მხოლოდ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, მისთვის შესაძლებელია აირჩიოს ან პარლამენტის ბოლო არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, ან თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე მინიჭებული რიგითი ნომერი.
სასურველი რიგითი ნომრის მისაღებად, პარტიამ წერილით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და აცნობოს საკუთარი გადაწყვეტილება 2022 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.
სამართლებრივი აქტი ზემოაღნიშნულის თაობაზე ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო; ამ გადაწყვეტილების მიზანი კი პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის გამარტივების უზრუნველყოფას წარმოადგენს”, – აცხადებენ ცესკოში.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს ამომრჩეველი ბათუმში საკრებულოს დეპუტატს, რუსთავში კი პარლამენტის დეპუტატს აირჩევს.