„NATO-ს მადრიდის სამიტამდე საჭიროა, გაიმართოს NATO-უკრაინისა და NATO-საქართველოს შეხვედრები. ეს შევთავაზე გენერალურ მდივანს, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად დღეს გამართულ ბრიფინგზე.
პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა.
„მე ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს. ვიდრე პეკინში ჩავიდოდი, თბილისში გავჩერდი. ვისაუბრე უსაფრთხოების სიტუაციაზე, დავინტერესდი მისი ხედვითა და შეფასებით. მე მჯერა, რომ საქართველო უნდა იყოს მიწვეული NATO-ში სახელმწიფოს მეთაურის დონეზე და უნდა შედგეს NATO-საქართველოსა და NATO-უკრაინის შეხვედრაც ამავე დონეზე, რათა მოვახდინოთ სოლიდარობის დემონსტრირება ამ ქვეყნების მიმართ, ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყნები არ მიგვიტოვებია. ეს ქვეყნები ყოველთვის ლოიალურები იყვნენ ალიანსის მიმართ და ჩვენც უნდა ვაჩვენოთ, რომ NATO-ს ისინი ახსოვს. ეს მნიშვნელოვანია NATO-ს სანდოობისთვის“, – განაცხადა დუდამ.