“ჩვენი ინტერესია, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, მას ღირსეულად მოექცნენ, მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება და სარგებლობდეს სამართლიანი სასამართლოთი”, – ამის შესახებ, “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დეგნანმა სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზეც გააკეთა კომენტარი.
“მე როგორც ვიცი, ბატონმა სააკაშვილმა სარჩელი გააგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და არსებობს სპეციალური პროცედურები, რის მიხედვითაც, ეს საკითხები განიხილება. რაც შეეხება კანონის უზენაესობას და მის დაცვას, ჩვენი ინტერესია, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, მას ღირსეულად მოექცნენ, მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება, სარგებლობდეს სამართლიანი სასამართლოთი. ჩემი გადასაწყვეტი არაა, უნდა შეიქმნას თუ არა საგამოძიებო კომისია, არსებობს შესაბამისი წესები და პროცედურები და თუკი მხარდაჭერა იქნება, პროცესი წინ წავა, მაგრამ ეს მთლიანად პარლამენტის უფლებამოსილებაა“, – აცხადებს დეგნანი.
ეს პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პაპუაშვილის მეორე შეხვედრა იყო აშშ-ს ელჩთან. მას შეხვედრის შესახებ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.