ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დადიანების სასახლის ეზოდან ქანდაკება მოიპარეს

ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოდან ბრინჯაოს სკულპტურა მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს. როგორც მუზეუმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დილის შემოვლის დროს თანამშრომლებს ქანდაკება ადგილზე აღარ დახვდათ. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

“დღეს, დაახლოებით ცხრიდან ათ საათამდე მუზეუმის დაცვის პოლიციამ სტანდარტული შემოვლისას შეამჩნია, რომ ქანდაკება იყო გამქრალი, პედესტალი – წაქცეული. ქანდაკება არის ბრინჯაოს მხედარი ქალი – „კოლხიშ ნანა“, რომელიც დაიდგა 2016 წელს”, – განუცხადა “პირველ არხს” დადიანების მუზეუმის კანცელარიის უფროსმა, ნანა ხუბუამ.

აღსანიშნავია, რომ კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება – “კოლხიშ ნანა“, რომელიც ცაიშის სამაროვანზე აღმოჩენილი ბრინჯაოს ქანდაკების ასლს წარმოადგენს და მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიას ნამუშევარია, 2018 წელს ვანდალებმა მოანგრიეს, რის შედეგადაც, მას ხელი და თავი ჰქონდა მოტეხილი. 2019 წელს, აღდგენის შემდეგ, ქანდაკება კვლავ დადიანების ეზოში დააბრუნეს.

იტვირთბა....