ექსპერტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში, აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ “ომიკრონმა” შესაძლოა, პანდემია იმ ქვეყნებისთვის დაასრულოს, ვინც თავისი მოსახლეობის დიდი ნაწილის აცრას შეძლებს.
მისივე თქმით, აუცრელებისთვის პანდემიური მოლოდინები და მძიმე შეზღუდვები გაგრძელდება.
„ტალღები გაგრძელდება, ვიდრე მსოფლიოს უფრო მეტი ნაწილი, 70-80% არ იქნება აცრილი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კორონავირუსი ენდემურ გრიპად გადაიქცევა და წინა პანდემიების ლოგიკით ეს ეპიდემიაც აქეთკენ მიდის. „ომიკრონი“ მართლაც დასასრულის დასაწყისია, მაგრამ დასასრულის დასაწყისია იმ ქვეყნებისთვის, ვინც თავისი მოსახლეობის დიდი ნაწილის აცრას შეძლებს. თუ ჩვენ ავიცერით, პანდემია დასრულდება ზაფხულში. თუ ჩვენს ასაკოვან მოქალაქეებს 90-95%-ით ავცრით, ჩათვალეთ, ეს პრობლემა მოიხსნება, თუ რაღაც ალოგიკური არ მოხდა და ვირუსმა ისეთი მუტაცია არ განიცადა, რომელიც სწრაფ გადადებასთან ერთად, უფრო საშიშ მიმდინარეობას გულისხმობს. იმ ლოგიკებით, რაც წინა პანდემიის დროს იყო, წესით, ეს არ უნდა მოხდეს, თუმცა ამ მსოფლიოში გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ რეალურად, ჩვენ მივდივართ საიმედო დასასრულისკენ და ახლა დანებება, აუცრელობა არის ის, გამარჯვების წინ რომ კაპიტულაციას გამოაცხადებ, ან დაიღუპები. დაახლოებით, აი, ასეთი სიტუაცია შეიქმნება“, – განაცხადა ზოიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.