“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ახალ დასკვნას აქვეყნებს
„მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, დედათა სიკვდილიანობის (ორსულობასთან დაკავშირებული მიზეზებით, ორსულობისას ან ორსულობის შეწყვეტიდან 42 დღის მანძილზე გარდაცვლილ ქალთა) მაჩვენებელი 2013 წელს საქართველოში 23-ს შეადგენდა 100 000 ახალშობილზე. Save the Children-ის 2015 წლის რანჟირების სისტემაში, რომელიც დედათა და ბავშვთა კეთილდღეობას ეხება, 179 ქვეყანას შორის საქართველომ 86-ე ადგილი დაიკავა. შედარებისთვის, 2012 წლის მონაცემებით, ევროკავშირში 5 წლამდე ბავშვების გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი ყოველ 1000 ბავშვზე 5-ს შეადგენდა. ასევე, 2012 წლისთვის არსებული მონაცემებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში 5 წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოზე მაღალი მხოლოდ ყაზახეთში, თურქმენეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში იყო. მსგავსი ვითარებაა ახალშობილთა და დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლების შედარებისასაც. დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზები, სხვა საკითხებთან ერთად, მჭიდროდ არის დაკავშირებული ფეხმძიმობისას დედის ჯანმრთელობასთან, მშობიარობის პირობებსა და მშობიარობის შემდეგ პირველი საათების ან კვირის დროს არსებულ გარემოებებთან. მათ შორის, საყურადღებოა სტაციონარული დაწესებულებების/სამშობიარო სახლების მდგომარეობა და მათ მიერ მიწოდებული მომსახურების ხარისხი, ასევე ორსულობისას დედის სათანადო კვებასთან დაკავშირებული საკითხები. სტატისტიკის სამსახურის მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით ერთ წლამდე ასაკის 600 ახალშობილი იღუპება. ამ მომენტისათვის არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რა ძირითადი მიზეზები იწვევს ახალშობილთა გარდაცვალებას. თუმცა, ქართველი მედიკოსები და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იმ რისკფაქტორებზე მიუთითებენ, რაც ახალშობილთა ჯანსაღი განვითარების შემაფერხებელია. აღნიშნული ფაქტორები კი რკინადეფიციტური ანემია, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობით გამოწვეული დეფექტები, დედათა ორსულობამდელი არასათანადო კვება და ფოლიუმის ნაკლებობა, არასათანადო კვება ორსულობისას და დაბადებულ ახალშობილთა მცირეწონიანობაა. გამოცდილება ცხადყოფს, რომ რაიმე ტიპის ფორტიფიცირება (მიკროელემენტებითა და ვიტამინებით საკვების გამდიდრდება) ამგვარ რისკებს თითქმის 75%-ით ამცირებს. საინტერესოა, რომ სხვადასხვა დროს წარმოებული კვლევების თანახმად, სამშობიარო სახლები, სადაც ერთი წლის განმავლობაში 500-ზე ნაკლები მშობიარობა აღინიშნება, არ არიან მზად ისეთი სახის კლინიკური გამოცდილების და აღჭურვილობის მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის, რაც მომსახურების სათანადო ხარისხსა და მშობიარობის შემდეგ მოვლის უსაფრთხო პირობებს უზრუნველყოფს. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებიდან წელიწადში 500-ზე ნაკლები მშობიარობის ფაქტი საშუალოდ 63 სამედიცინო დაწესებულებაში ფიქსირდება. მაგალითისთვის, 2014 წელს საქართველოში მოქმედი 101 სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელიც ორსულობასთან დაკავშირებულ მომსახურებას ახორციელებდა, 60-მა სამედიცინო დაწესებულებამ 500-ზე ნაკლები მშობიარობა მიიღო. შესაბამისად, სამშობიარო სახლების/სამედიცინო დაწესებულებების დაახლოებით 60%-ს, საერთაშორისო გამოცდილების თანახმად, შესაძლოა არ ჰქონდეს მომსახურების სათანადო ხარისხის მიწოდების შესაძლებლობა. მეტიც – გასული 5 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი სამშობიარო სახლების/შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების დაახლოებით 20-25% წელიწადში 100-ზე ნაკლებ მშობიარობას ემსახურებოდა. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ამ პრობლემის დასაძლევად ქვეყნები რეგიონალიზაციას მიმართავენ, რაც ჯანდაცვის სისტემის ისეთ ორგანიზებას გულისხმობს, როდესაც ქვეყნის განსაზღვრულ რეგიონში სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას თავიდან არის აცილებული ძვირადღირებული მომსახურების დუბლირება და უზრუნველყოფილია აუცილებელი მომსახურების ხელმისაწვდომობა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პერინატალური სერვისის (ორსულთა პატრონაჟის, სამეანო და ახალშობილთა მოვლის) მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების გატარების მიზნით, საქართველოში განხორციელდება პერინატალური სერვისების რეგიონალიზაცია და შესაბამისი რეფერალის სქემის ამოქმედება, რაც განსაზღვრულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის N012/ნბრძანებით, „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ”. აღნიშნული ბრძანების თანახმად, 2015 წლის განმავლობაში პერინატალური სამსახურებისთვის რეგიონალიზაციის დონეების მინიჭება და შესაბამისი რეფერალის სქემის უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს პილოტურად, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში. ეს სისტემა პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებს განსაზღვრავს და პერინატალური სამედიცინო მომსახურების მიწოდების მოდელს წარმოადგენს. ამ სისტემით ხდება ორსულთა, დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების კლასიფიკაცია მათი სიმძლავრეების მიხედვით, არსებული რისკის შესაბამისად. შედეგად, ინერგება ორსულების, დედებისა და ახალშობილების მოვლის დიფერენცირებული სისტემა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში”-ში ასევე აღნიშნავენ, რომ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელთან ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული მათი სათანადო კვების საკითხები. ამ მხრივ ვითარების გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი გამოსავალი, შესაძლოა, საკვები პროდუქტების გამდიდრება იყოს. საკვები პროდუქტების ფორტიფიცირებას მსოფლიოში 70 ქვეყანაზე მეტი ახორციელებს; მათ შორის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ავსტრალია, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა. ფორტიფიცირება – ფართო მოხმარების საკვებ პროდუქტში მინერალებისა და ვიტამინების დამატებას გულისხმობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ქვეყნებს, მათი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე, საკვები პროდუქტების შესაბამისი მინერალებითა და ვიტამინებით გამდიდრებისკენ ხშირად მოუწოდებს.