ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის სამუშაო კაბინეტში უკრაინის მიმართ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით გამართული სამუშაო შეხვედრა დასრულდა. როგორც საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, მმართველმა გუნდმა მათი შენიშვნები მოინიშნა და ახლა, თათბირს განმარტოებით გააგრძელებენ. ოპოზიციონერი დეპუტატები იმედს გამოთქვამენ, რომ საბოლოო ტექსტზე შეთანხმდებიან. მათი ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტი პარლამენტში წესით დღეს დარეგისტრირდება.
“პრინციპულ საკითხებზე, ძირითად შემთხვევაში ერთგვარი შეთანხმება მოხდა, გარკვეულ ტერმინოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა და ეს ხელახლა იქნება წარმოდგენილი უმრავლესობის მხრიდან, დღეს უნდა დარეგისტრირდეს წესით და რიგით რეზოლუციის პროექტი და იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზე ყველა პარტიის შეთანხმება მოხდება”, – განაცხადა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, ანა ბუჩუკურმა.
მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების ინიციატივა საპარლამენტო ოპოზიციამ რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის მომეტებული საფრთხიდან გამომდინარე დააყენა.