ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორსა და თელავში პოლიციის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინაეობს. “არა მილიციას”, “მწამებელი სისტემა”, “შემდეგი მსხვერპლი, შეიძლება შენ იყო“ – ამ და სხვა ლოზუნგებით, პროტესტის მონაწილეები სამთავრობო შენობებთან, ასევე, სამხარეო პოლიციის განყოფილებებთან არიან შეკრებილი.
“მთავარი გზავნილი არის ის, რომ შემდეგი მსხვერპლი შეიძლება იყოთ თქვენ ან თქვენი შვილები და თუ ეს ვინმემ ვიდეოზე არ აღბეჭდა და შემდეგ სამოქალაქო პროტესტი არ მოჰყვა, კაციშვილი ყურადღებას არ მოგაქცევთ. მნიშვნელოვანია, დავინახოთ, რომ ეს არის სისტემური დანაშაული. ეს არ არის ერთი რიგითი პოლიციელის პრობლემა. ლუკა სირაძე მიიყვანეს თვითმკვლელობამდე ერთი უწყინარი წარწერის გამო და გამომძიებელი რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს პატიმრობიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემა მფარველობს მოძალადეებს. ყველა მოძალადემ იცის, რომ თუ დასჯიან, ეს იქნება მოჩვენებითი. შშმ პირზე ძალადობის კადრი რომ არ გადაეღოთ, ხომ შერჩებოდა ხახვივით ეს წამება ამ სისტემას. “, – განუცხადა “მთავარ არხს”, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, სამოქალაქო პროტესტი პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ ქვეყანაში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორც სცემს შშმ პირს მეტროში პოლიციელი.