ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე გადაცემაში “რეაქცია” საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებებს გამოეხმაურა პოლიციის მიერ შშმ პირის ცემასა და საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით.
“ასეთი ამბავი როცა ხდება, აქ რომ ცინიზმის ადგილი არ არის, ადამიანი უნდა ხვდებოდეს, გამოცდილი კი არა, გამოუცდელიც. ადამინი უნდა ხვდებოდეს ამას. საჯარო განცხადების გაკეთების უნარი უნდა გქონდეს ადამიანს, ადეკვატურის. ნორმალური ადამიანი არ იქცევა ასე. რა დროს ცინიზმი და რა დროს დაცინვაა. ახლა მაგის დროა, რომ ვიღაცეებზე გამოაცხადო, თითქოს არაადეკვატურად აღვიქვამთ პოლიციის ძალადობას? მერამდენე ძალადობის ფაქტზე შევკრებილვართ ეთერში. ყოფილა, რომ ადეკვატური რეაქცია მოჰყოლოდა, რომ გამოსულიყო პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ადეკვატური განცხადება გაეკეთებინათ. უნდა გვესმოდეს, რომ აღმაშფოთებელია პოლიციის ძალადობა, ეს კი გამოდის და ამბობს, რომ ჩანერგილები ვართ.
ნახონ, როგორ ექცევა ტურისტებს, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს ინდოეთიდან პოლიცია. უამრავი სამარცხვინო ფაქტი ხდება. რა სისტემურ წინსვლაზე ლაპარაკობენ, ხმა მაინც ჩაიგდონ. ერთხელ მაინც ადეკვატურად შეაფასეთ საზოგადოებამ საარჩევნო უბნებთან. მართლა ყომარი ხომ არ არის ეს ქვეყანა. ვოლსკი როგორ შეიძლება გმოძღვრავდეს. როგორ შეიძლება, ამ მორალის ადამიანს ჰქონდეს რაიმე ტრიბუნა”, – განაცხადა მშვილდაძემ.
ცნობისთვის, გია ვოლსკი ფესიბუქზე წერდა, რომ პროტესტის პათოსი ყალბია და უჩნდება ეჭვი, რომ ეს დანაშაული პოლიციელმა განზრახ ჩაიდინა.
შეგახსენებთ, ისნის მეტროსადგურში არასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელებას ორი პოლიციელის დაკავება მოყვა. ერთ-ერთ მათგანს დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდება აქვს წაყენებული, მეორე პოლიციელი კი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით არის დაკავებული.