შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების და პოლიტიკური პარტიების ორგანიზებით აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ლოზუნგებით “დასრულდეს მწამებელი და დამნაშავე სისტემა” და “არა მილიციას” შშმ პირზე პოლიციის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ მსგავს დანაშაულებს სისტემური ხასიათი აქვს.
“აქ პრობლემა ის არის, რომ ორი პოლიციელის დაკავებით სისტემური პრობლემა არ აღმოიფხვრება. ეს არის “ქართული ოცნების” მმართველობის მხრიდან წახალისებული სისტემური პრობლემა. ამ ხელისუფლებას აქვს არასწორი დამოკიდებულება ადამიანის უფლებების მიმართ და სწორედ ამის გამოძახილი არის გუშინ მომხდარი. ეს კადრები რომ არ გაეშუქებინა მედიას, არ ვართ დარწმუნებულები, რომ ეს პოლიციელები დაისჯებოდნენ, რადგან არაერთი ადამიანი საუბრობს პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე. ჩვენ გვაქვს ლუკა სირაძის ამბავი, დემურ სტურუას ამბავი – არ დასჯილან სათანადოდ პოლიციელები. ჩვენ გვინდა, რომ ყოველ ასეთ გადაცდომას მივყვეთ ბოლოდე და საბოლოოდ, შეიცვალოს სისტემა, რომელიც ძალადობს ადამიანებზე”, – ამბობს ტელეკომპანია პირველთან საუბარში პარტია “დროას” წევრი, თამთა გოგოლაძე.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრი, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს პოლიცია შშმ პირს, მომხდარზე ორი პოლიციელი იქნა დაკავებული. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდება აქვს წაყენებული, მეორე პოლიციელი კი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით არის დაკავებული.