ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დამიჭირეს, ხელები გადამიგრიხეს, ოთახში შემიყვანეს და უმიზეზოდ მცემესო” – პოლიციის მიერ ნაცემი შშმ პირის მამა

პოლიციელის მიერ ნაცემი შშმ პირი მეტროსადგურ “ისანში” მომხდარ ძალადობის ფაქტს იხსენებს. როგორც არასრულწლოვანის მამა მის მონაყოლზე დაყრდნობით ტელეკომპანია პირველთან აღნიშნავს, მისი შვილი პოლიციელებმა დაიჭირეს და ხელებგადაგრეხილი ოთახში შეიყვანეს, რის შემდეგაც, ერთ-ერთმა მათგანმა ბიჭი უმიზეზოდ სცემა.

“კიბეზე რომ ჩავდიოდი, დამიჭირეს, ხელები გადამიგრიხეს, ოთახში შემიყვანეს და მცემეს. ორნი იყვნენ. უმიზეზოდ მცემეს, ძალადობის შემდეგ გამიშვეს”- ყვება დაზარალებული.

ნაცემი ბიჭი დაკითხვაზე დედასთან ერთად გადაიყვანეს, როგორც ქალმა ჟურნალისტებს განუცხადა, მის შვილს თვალი აქვს ჩალურჯებული.

“დამირეკეს და მითხრეს, რომ ბავშვი სცემეს. თვალი აქვს დალურჯებული”, – ამბობს არასრულწლოვნის დედა.

მას შემდეგ, რაც შშმ პირის ცემის კადრები მედიაში გავრცელდა, მომხდარზე ორი პოლიციელი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდება აქვს წაყენებული, მეორე პოლიციელი კი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით არის დაკავებული.

იტვირთბა....