თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეიდან თბილისს განახლებული და მოწესრიგებული ევროპული ტიპის მიკროავტობუსები მოემსახურება და დედაქალაქში გადაადგილება კომფორტული გახდება. ამის შესახებ კალაძემ მიკროავტობუსების პრეზენტაციაზრ განაცხადა.
“დღეს შემიძლია ვთქვა, რომ წელიწადნახევრის წინ გაცემული დაპირება მიკროავტობუსების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, შესრულებულია. დღეიდან დედაქალაქს მოემსახურება ახალი, განახლებული, მოწესრიგებული ევროპული ტიპის მიკროავტობუსები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და გადაადგილება კომფორტული იქნება. დედაქალაქის მერიამ კერძო კომპანიასთან ერთად მოახერხა მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. ეს არის ჩვენი სატრანსპორტო რეფორმის, სატრანსპორტო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. იცით, რომ დავიწყეთ ავტობუსების განახლება, პარკი მთლიანად ჩანაცვლებული და მოწესრიგებულია და დღეს, უკვე შემიძლია გითხრათ, რომ მთლიანად განახლებული და მოწესრიგებულია”, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის ინფორმაციით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში მერიამ 1 000 ერთეული მიკროავტობუსი შეიძინა და პირველი თებერვლიდან, დედაქალაქში არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი აღარ იმოძრავებს.
“ყვითელი მიკროავტობუსები ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდა თბილისის მოსახლეობას და მათი რეალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ისინი პრობლემას ქმნიდნენ ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, წარმოადგენდნენ გარკვეულ დისკომფორტს, რადგან ყველანაირი რესურსი ამოწურული ჰქონდათ”, – აღნიშნა კალაძემ.