ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბაიდენი: რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრა კატასტროფა იქნება, ის ამას ინანებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მას ეს სანანებელი გაუხდება.

“თუ ისინი ჩაიდენენ იმას, რაზეც წამსვლელები არიან საზღვართან მობილიზებული ძალებით, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება”, – განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, კვლავაც იმ აზრზე რჩება, რაც ჟენევის სამიტზე დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინის მიზანი ახალი ცივი ომის დაწყება მაინც არ არის.

“ვფიქრობ, მას მაინც არ სურს ფართომასშტაბიანი ომი. მეორე მხრივ, ვფიქრობ თუ არა, რომ ის დასავლეთს, შეერთებულ შტატებს და ნატო-ს იმდენად სერიოზულად გამოცდის, რამდენადაც მოახერხებს? კი, მე ვფიქრობ, რომ ის ამას გააკეთებს, მაგრამ ამისთვის სერიოზულ, დიდ ფასს გადაიხდის და თავისი საქციელი სანანებელი გაუხდება”, – აღნიშნავს ბაიდენი.

აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსული ბანკები დოლარში ოპერაციების განხორციელებას ვეღარ შეძლებენ.

იტვირთბა....