ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არა გაზპრომს!” – “მეტრონომის” რეპორტაჟი აქცია-კონცერტიდან

არა გაზპრომს – ამ სახელწოდებით მთავრობის კანცელარიასთან დღეს აქცია-კონცერტი ჩატარდა. მუსიკოსებმა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გამაფრთხილებელი აქცია-კონცერტი ჩაატარეს. ისინი იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტთან მავნებლურ მოლაპარაკებებს შეწყვეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი პროტესტი უფრო მტკიცე და მკაცრი გახდება.

18

“მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი მზად არის ნებისმიერი რაოდენობის ბუნებრივი აირი მოგვაწოდოს, ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებებს ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და დღემდე აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ.

გაზპრომთან მოლაპარაკებები და რუსული გაზის საქართველოში შესაძლო იმპორტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენს ევროატლანტიკურ კურსს და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას.

ჩვენ, მუსიკოსები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ვატარებთ გამაფრთხილებელ აქცია-კონცერტს და იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეწყვეტს ოკუპანტთან მავნებლურ მოლაპარაკებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პროტესტი უფრო მტკიცე და მკაცრი გახდება.

1

დროა დავანახოთ ჩვენი ქვეყნის მმართველებს, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენი ნებართვის გარეშე ისინი ვერ მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას, ჩვენგან კი მათ ეს ნებართვა არ ექნებათ! ვფიქრობთ, რომ არ გვაქვს პასიურობის უფლება”- ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ტელეკომპანია “ტაბულას” რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, სამარცხვინოა ფაქტი, რომ დღეს საზოგადოებას უწევს დაამტკიცოს ის, რომ გაზპრომზე საქართველოს ენერგეტიკის დამოკიდებულების გაზრდა  ქვეყნის მოსახლეობისთვის ძალიან ცუდია.

“სამწუხაროა, რომ ჩვენი გაფრთხილების შესმენა არ უნდათ, მაგრამ მრავალჯერ ვნახეთ, უამრავი გაფრთხილება მიიღო ჩვენმა ხელისუფლებამ იმაზე, რომ სავიზო რეგულაციების გამკაცრება ძალიან ცუდი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკისთვის და დღეს შედეგებს ვხედავთ, ტურიზმი რა დღეშიც არის. ჩვენ ხელისუფლებას ვაფრთხილებდით, რომ მისი ეკონომიკური პოლიტიკა იყო მთლიანად არასწორი და ვხედავთ საქართველოს ეკონომიკა რა დღეშიც არის. ქვეყნის მოსახლეობა ამას თავის ჯიბეზე გრძნობს. ჩვენ ხელისუფლებას ვაფრთხილებდით ამნისტიაზე და ვხედავთ კრიმინალი რა მდგომარეობაშიცაა. ხელისუფლებასაც კი მოუწია აღიარება, რომ კრიმინალი გაზრდილია და უდანაშაულო ადამიანები იხოცებიან ქუჩაში. იგივეს ვეუბნებით გაზპრომზეც, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი იჯდება თბილად თავის სახლში, ასევე კალაძეც, იმიტომ, რომ მათ ბევრი ფული აქვთ, საქართველოს მოსახლეობა კი იჯდება ნავთქურებით”- აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

“თავისუფალი ზონის” დამფუძნებელი კობა ხაბაზი საქართველოში გაზპრომის შემოსვლას  მხუთავ ოკუპაციას უწოდებს.

8

“საქართველოში “გაზპრომი” შემოყავთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო. არანაირი მომგებიანი პირობები, არანაირი საჭიროება ამისი არ არსებობს. მხოლოდ და მხოლოდ ამის ინტერესი ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი გაზპრომის ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერია. გარდა იმ შედეგებისა, რაც ოკუპანტთან თანამშრომლობას ნიშნავს ღიად და პირდაპირ, არის მეორე ძალიან დიდი საფრთხე – აზერბაიჯანთან გაფუჭებული ურთიერთობების ჩამოყალიბება, ჩვენს ყველაზე ახლო სტრატეგიულ პარტნიორთან ამ რეგიონში. აქედან გამომდინარე ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა და თანამშრომლობას პუტინთან, მის კერძო კომპანიასთან, არანაირი ახსნა-გამართლება არ აქვს. ეს ის პუტიკია, ეს ის რუსეთია, რომელმაც სამაჩაბლო-აფხაზეთი მოგვტაცა, რომელმაც  დახოცა ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები, როგორ შეიძლება ამ აზრს გამართლებას უძებნიდეს”- განაცხადა ხაბაზმა.

როგორც ჩვენთან საუბარში ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა განაცხადა, ბევრი მიზეზია იმისთვის, თუ რატომ უნდა ვუთხრათ გაზპრომს – არა.

“პირველი ეს არის ის, რომ გაზპრომი პოლიტიკური იარაღია რუსეთის ხელში. მეორე ის, რომ შესაძლებელია დროთა განმავლობაში ჩვენ ეკონომიკურად უფრო დამოკიდებული გავხდეთ გაზპრომზე. მესამე კი არის ის, რომ ჩვენ ეკონომიკურად არ გვაწყობს ის შეთანხმება რაც მთავრობასა და გაზპრომს შორის იდება. მეოთხე -ეს არ ნიშნავს დივერსიფიკაციას ენერგო რესურსების შემოტანისა, იმიტომ, რომ აზერბაიჯანის შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მასთან, როგორც პარტნიორთან ურთიერთობები გავიფუჭოთ. კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ არანაირად არ გვჭირდება ახლა დამატებითი გაზი, გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ გვითხრა, რომ მათ შეუძლიათ მოგვაწოდონ საკმარისი რაოდენობა, რაც საჭიროა და ეს მოლაპარაკებები, რომელიც ჩუმად მიდიოდა, მიდიოდა მანამდე, სანამ ქართული მხარე კითხვას დასვამდა აზერბაიჯანულ მხარესთან – შესაძლებელია თუ არა დამატებითი გაზის მოწოდება”- აღნიშნა ხორგუაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გოკა გაბაშვილი ამბობს, რომ გაზპრომი პუტინის პოლიტიკური იარაღია, რომლითაც ის ქვეყნებს აშანტაჟებს.

5

“ეს ძალიან კარგად აქვს ნანახი მსოფლიოს ევროპის მაგალითზე, უკრაინის მაგალითზე და რაც მთავარია საქართველოს მაგალითზე. ძალიან კარგად გვახსოვს, რომ პოლიტიკური მიზნებით, გაზპრომის საშუალებით უბრალოდ გაყინეს საქართველო 2006 წელს. თუ საქართველო ახლაც გახდება დამოკიდებული გაზპრომზე ზუსტად იგივე რისკია. პუტინს ამ ეტაპზე გარდა თავის არმიისა და სპეცსამსახურებისა იარაღად  მოაზრებული აქვს ენერგეტიკა, როგორც მეზობელ ქვეყანაზე ზეგავლენის მოპოვების იარაღი”- განაცხადა გაბაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის ნიკა რურუას თქმით კი, გაზპრომის შემოსვლა საქართველოში, ისევ გაყინვის საფრთხის დაბრუნებას ნიშნავს.

“გაზპრომი არასტაბილური პარტნიორია, ის ნიშნავს კორუფციის დაბრუნებას. ის ძლიან გაუმჭირვალე და ოკუპანტის წარმომადგენელი კორპორაცია და კიდევ იმიტომ არა, რომ გაზრომის შემობრუნებით ხეირობს 3 კაცი და ზარალდება ხუთი მილიონი. ეს არის სამი მიზეზი თუ რატომ არ უნდა დავუშვათ მათი უკან შემობრუნება”- აღნიშნა რურუამ.

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე ამბობს, რომ გაზრპომი რუსეთის ხელში ყველაზე მძლავრი და საშიში ბირთვული იარაღია, რომელსაც ის მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ იყენებს.

“გაზპრომის ყიდვაზე დათანხმება მონობაზე დათანხმებაა, რაშიც ჩვენ რამდენიმე ათეული წელიწადი ვიცხოვრეთ. ვფიქრობ, ეს აღარ უნდა გაგრძელდეს. როგორც იქნა გავთავისუფლდით ამ მონობისგან და თუკი ჩვენ გაზპრომის საქართველოში შემოსვლას დავთანხმდებით, ეს იქნება ისევ მონობაში თავის შეყოფა”- აღნიშნა კაკაბაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” თანადამფუძნებლის და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, მაშინ როდესაც ჩვენ გაზპრომის გავლენისგან გამოსვლა შევძელით, ახლა მასთან ახალი მოლაპარაკებების პროცესს არ უნდა ვიწყდებდეთ.

“ხელისუფლებამ რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ახსნა განმარტებითი განცხადება გააკეთა. დაახლოებით 5-6 ვერსია მოვისმინეთ, თუ რასთან დაკავშირებით საუბრობენ გაზპრომთან. მოლაპარაკებების პროცესი აბსოლუტურად არაგამჭირვალედ მიმდინარეობდა, ამან კიდევ უფრო გაამწვავა კითხვები რომ ხელისუფლება რაღაცას გვიმალავს. აქედან გამომდინარე ეს არის პროტესტი ხელისუფლების ამ ნაბიჯების წინააღმდეგ, ეს არის პროტესტი რუსული გავლენის გაძლიერების წინააღმდეგ. მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაინახოს, რომ ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც ქვეყანაში გაზპრომის შემოსვლას არ შეეგუებიან”- აღნიშნა ხოშტარიამ.

იურისტ გიორგი ნონიაშვილის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი კომპონენტი ენერგოუსაფრთხოების საკითხია.

“საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე რაც უფრო ნაკლებად ვიქნებით რუსეთზე ჩამოკიდებული, მათ შორის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, მით უფრო უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით რა თქმა უნდა და შესაბამისად, სამომავლო პერსპექტივაში ეს უფრო ნაკლებ პრობლემას გააჩენს. საქართველოს მთავრობა არ უნდა ჩამოეკიდოს გაზპრომს. რაც უფრო ნაკლებ გაზსს მიიღებს გაზპრომისგან მით უფრო უკეთესი იქნება”- აღნიშნა ნონიაშვილმა.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....