საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან 26 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკას ყიდულობს. პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის თაობაზე მიმართა.
“სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს GG-B-UDW ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, GG-Q-3QT, GG-Q-3QS, GG-B-1BB ანგარიშებსა და GG-B-ZZY, GG-B-UDH ქეისებზე დარჩენილი თანხებით, საერთო ღირებულებით – 26 246866.00 აშშ დოლარი”, – წერია დოკუმენტში.
“ტაბულას” ინფორმაციით, საუბარია სარაკეტო სისტემის, ჯაველინის 46 გამშვებ დანადგარზე (CLU), 82 ჯაველინის FGM-148 რაკეტასა და თანმდევ აღჭურვილობაზე.