პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუბერნატორებს შეხვდა. როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თითოეული რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე, რეგიონების განვითარების პერსპექტივებზე, ინვესტიციების მოზიდვის გზებზე, რამაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უნდა უზრუნველყოს.
საუბარი შეეხო რეგიონის მოსახლეობის პირველად საჭიროებებს, მათ შორის გაზიფიცირების, გზებისა და სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის პროექტებს.
პრემიერის განცხადებით, ხელისუფლების მიზანს წარმოადგენს ყველა ოჯახის უზრუნველყოფა სასმელი წყლით და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი.
კვირიკაშვილმა მოისმინა გუბერნატორების მოსაზრებები და წინადადებები სამომავლო გეგმების შესახებ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრები ესწრებოდნენ.