ახალი ამბები

ხაბეიშვილი: პრემიერს ხუთი-ათი ოჯახის დასაკმაყოფილებელი თანხა მაჯაზე კიდია

“პრემიერს, რომელმაც არც კი მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახს, მაჯაზე უკეთია 300 ათას ლარიანი საათი, რომელიც მინიმუმ ათ ოჯახს დააკმაყოფილებდა”, – ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში აღნიშნა სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილების პროტესტისა და იქ მცხოვრები ზურაბ ჭიჭოშვილის შესახებ საუბრისას, რომელმაც თვითმხილველების მონაყოლის მიხედვით, სიცოცხლე შენობიდან გადმოხტომის შედეგად დაასრულა.

“როცა კორუფციაზე ვსაუბრობთ ხოლმე ყოველდღიურ რეჟიმში, რომ ვიღაცამ რაღაცა მოიპარა, როცა კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირბის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება, ეს ხალხი მდიდრდება და მივდივართ იქამდე, რომ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეწირება ამას. ამასობაში, 2022 წელს 194 მილიონი ლარით გაიზარდა ბიუროკრატია. როგორ დავიჯერო, რომ ამ თანხიდან, რომელიც დამატებით მოძებნეს, რომ ჯიბეებში ჩაილაგონ, არ მოიძებნა ამ დევნილებისთვის კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზები.

პრემიერს, რომელმაც არც კი მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახს, მაჯაზე უკეთია 300 ათას ლარიანი საათი, რომელიც მინიმუმ ათ ოჯახს დააკმაყოფილებდა. 5-10 ოჯახის დასაკმაყოფილებელი თანხა მაჯაზე კიდია მარტო”

ყოფილი სანატორიუმის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ შენობა ავარიულია და ხელისუფლებისგან ალტერნატიული საცხოვრებით უზრუნველყოფას ითხოვენ.

იტვირთბა....