საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცის გარდაცვალებას ეხმაურება. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, უყურებდა, როგორ ცდილობდნენ სამთავრობო არხები გარდაცვლილის დისკრედიტაციას, დანარჩენ დევნილებს კი აფერისტებად აცხადებდნენ.
“გუშინ შემძრა დევნილის, ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიამ, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მთელი ღამე ვერ დავიძინე და ტელევიზორი სამთავრობო არხებზე გადამერთო. კინაღამ გული ამერია. ისინი ერთხმად იყვნენ დაკავებული გარდაცვლილის დისკრედიტაციით – მას ალკოჰოლიკად და ფსიქოპატად, დანარჩენ დევნილებს კი აფერისტებად აცხადებდნენ.
ნუთუ, ვინც ამ რეპორტაჟებს აკეთებს, საერთოდ გული არ აქვს თუ შუშის ლაბორატორიაში ჟურნალისტების რაღაც ახალი ჯიში გამოიყვანეს?!”, – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები აცხადებენ, რომ შენობა ავარიულია და ხელისუფლებისგან ალტერნატიული საცხოვრებლებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. გუშინ, ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც ამ სანატორიუმში ცხოვრობდა და პროტესტს უერთდებოდა, შენობიდან გადმოხტომის შედეგად გარდაიცვალა.