ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია სასამართლო პროცესს გამოეხმაურა, რომელზეც მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ე.წ. ფულის გათეთრების საქმეში არიან ბრალდებული. როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, ის, რაც მათ წინააღმდეგ ხდება, ოპოზიციის გამორჩეული ლიდერების დევნაა.
“ის, რაც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ,,სასამართლო პროცესზე” ხდება, უსინდისო და თავზეხელაღებული პოლიტიკური დევნაა ოპოზიციის გამორჩეული ლიდერების!
ეს ადამიანები ახლოს სულ ცოტა ხნის წინ გავიცანი, მაგრამ ეს პერიოდიც საკმარისია, რომ ვხედავდე – ზეწოლით, დაჭერის , შანტაჟით მათი დაშინება შეუძლებელია!
მათ სწამთ თავის საქმის და თავის პოლიტიკური ხედვის.
ბოლო არჩევნებზე ჩვენ ერთ კოალიციად გამოვედით თბილისში, იმიტომ რომ მეც და მათაც გვჯეროდა და ახლაც
გვჯერა – რეჟიმის დამარცხების გასაღები მრავალფეროვან ერთობაშია!
ახლაც ასე მჯერა – ლელო აუცილებლად განვითარდება და გაძლიერდება, რაც არ უნდა მოიმოქმედოს ივანიშვილმა და აუცილებლად იქნება ძლიერი პროდასავლური სპექტრის ძალიან ღირსეული წევრი!
პირადად მამუკას და ბადრის კი
ჩემი მეგობრული თანადგომა!
პს. ცალკე ვიტყვი ავთო წერეთელზე. ურთულესი და სარისკოა დღეს თავისუფალი და კრიტიკული მედიის დაცვა და ხელშეწყობა – მადლობა მას, რომ პირადი რისკის ფასად ამას აკეთებს!’’, – წერს მელია.
ცნობისთვის, მოსამართლე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს.