ახალი ამბები მთავარი

საგარეო: [სამხარაულის ბიუროს] დასკვნა გაეგზავნება იუნესკოს, რის შედეგადაც მონაცემი განახლდება

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზის შესახებ სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს დასკვნა გადაეგზავნება იუნესკოს, რომელმაც ლაშქარავა 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა, რის შემდეგაც მონაცემი განახლდება. ამის შესახებ საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„იუნესკო-ს მიერ გამოქვეყნებული სია, მთელ მსოფლიოში ჟურნალისტებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტებზე, არ არის ახალი. სია გამოქვეყნდა გასული წლის ივლისში, ლექსო ლაშქარავას შემთხვევიდან ძალიან მალე და შესაბამის გრაფაში აღნიშნულია კიდეც, რომ ეს არის ახალი შემთხვევა – რაც არის იმის ინდიკაცია, რომ იუნესკო ელოდება გამოძიების დასრულებას, აღნიშნული შემთხვევის თაობაზე საბოლოო ინფორმაციას სახელმწიფოს მხრიდან.

როგორც იცით, არსებობს შესაბამისი დასკვნა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოითხოვა შსს-დან და რომელიც გაეგზავნება იუნესკო-ს, რის შედეგადაც მოხდება აღნიშნული მონაცემის განახლება. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, რომელსაც იუნესკო მიმართავს“, – განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.

ლექსო ლაშქარავა 2021 წლის 5 ივლისს, ღირსების მარშის კონტრაქციის გასაშუქებლად იმყოფებოდა, როდესაც  „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებმა სასტიკად სცემეს. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, 11 ივლისს დედამ ის სახლში გარდაცვლილი იპოვა. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მას შემდეგ, რაც იუნესკომ 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სია გამოაქვეყნა, შსს-მ სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს დასკვნა გაასაჯაროვა, რომელშიც წერია, რომ ლაშქარავას გარდაცვალება ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებულმა გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობამ გამოიწვია, ხოლო ის დაზიანებები, რომლებიც მას სიცოცხლის დროს ჰქონდა მიყენებული, კავშირში არ არის დამდგარ შედეგთან.

იტვირთბა....