ახალი ამბები

“სტრატეგიულ პარტნიორებთან კომუნიკაციის ინიციატივა ხელში პროდასავლურმა ოპოზიციამ უნდა აიღოს – პარტია “დროა“

პარტია “დროა” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ს საელჩოს კრიტიკულ შეფასებას და ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საპასუხო განცხადებას ეხმაურება.

“განგაშის ზარი უნდა იყოს საქართველოში აშშ-ის საელჩოს 3 იანვრის განცხადება, რომელშიც საქართველოს მთავრობა სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებისთვის ძირის გამოთხრასა და სასამართლო სისტემის შესუსტებაში ამხილა. ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ღიად აღნიშნა, რომ დემოკრატიაზე ამგვარი დარტყმები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის აშორებს და დაუცველს ხდის რუსული საფრთხეების წინაშე.

ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ დაესხა თავს საქართველოს მთავარ პარტნიორებს და განაცხადა, რომ მათი განცხადებები “არყევს ქართული საზოგადოებს ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ”, რასაც მმართველი პარტია “არ დაუშვებს”.  მსგავსი რიტორიკა ძალიან ჰგავს რუსული სტილის “სუვერენული დემოკრატიის” მოდელს, რომელიც სახელმწიფოების მხრიდან ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის დამახინჯებულ გაგებას გულისხმობს და გზას უხსნის ავტორიტარიზმს”, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც პარტიაში აცხადებენ, “დროა” პროდასავლურ კოალიციასთან ერთად, ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან კომუნიკაციის ინიციატივას აიღებს ხელში, რადგან საქართველოს მთავრობა საერთაშორისო მოვლენებისაგან დისტანცირებულია.

“ირაკლი კობახიძის მხრიდან სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმა მიმდინარე გეოპოლიტიკური ტენდენციებისაგან ჩამოშორების გეგმაზომიერი ნაწილია. საქართველოს მომავლის განმსაზღვრელ შეხვედრებში მთავრობის წევრები არათუ არ მონაწილეობენ, არამედ ხშირად მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შესახებ შესაბამისი უწყებები განცხადებებსაც კი არ ავრცელებენ.

საქართველოს დასავლურ ბანაკში დასარჩენად, ანუ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის სუვერენიტეტის გადასარჩენად, სტრატეგიულ პარტნიორებთან კომუნიკაციის ინიციატივა ხელში პროდასავლურმა ოპოზიციამ უნდა აიღოს. პარტია “დროა” პროდასავლურ კოალიციასთან ერთად აქტიურად იმუშავებს, რათა ერთად წარვადგინოთ საქართველო და კიდევ ერთხელ ცხადვყოთ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....