ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: აშშ-ის საელჩოს განცხადება არასამართლიანი და არასწორია

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებით, „ქართულმა ოცნებამ“ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებებს და საზოგადოების საძირკველს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს განცხადება არასამართლიანია და არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ.

“ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს ოცთაათწლიანი ძალიან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. ძალიან ხშირად, ჩვენ ვიღებთ ხოლმე მათგან რჩევებს და რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მათ. სამწუხაროდ, არის ხოლმე ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან და ეს არის ამის მორიგი მაგალითი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ”, – ამბობს კობახიძე.

ირაკლი კობახიძის თქმით, სავარაუდოდ, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები არასწორი ინფორმაციას ფლობდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით.

“განცხადებაში საუბარია სამსახურის გაუქმებაზე, რაც არის არასწორი, არავითარი სამსახური არ გაუქმებულა. სინამდვილეში, მოხდა კონკრეტული სამსახურის გაყოფა. არ ვიცი, ეს შეიძლება იყოს თანამშრომლების მხრიდან მიღებული არასწორი ინფორმაცია, რასაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ სათანადო ინფორმირებით“, – ამბობს კობახიძე.

იტვირთბა....