ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ექსპრეზიდენტის ინიციატივები მედიასთან გაახმოვანა.
მთავარი არხის ინფორმაციით, სააკაშვილის ინიციატივაა, შეიქმნას იმ ძალოვნებისგან დაკომპლექტებული შავი სია, რომლებიც ადამიანების პოლიტიკურ დევნას ეწეოდნენ და მათ სავიზო შეზღუდვები და სხვა სახის სანქციები დაუწესდეთ.
“მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა ის იდეა, რომელიც ეხებოდა ე.წ. შავი სიის შექმნას იმ ძალოვანი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ, მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელების, სუს-ის წარმომადგენლების, და ა.შ. რომლებიც ეწეოდნენ ადამიანების პოლიტიკურ დევნას, რეპრესიებს, ეს სია უნდა გახდეს მთელი ქვეყნისათვის ცნობადი, უნდა იქნეს მიმართული საერთაშორისო საზოგადოებისადმი, საელჩოებისადმი, რათა შევზღუდოთ მათი თავისუფალი გადაადგილება ევროპაში თუ ამერიკაში, გარდა სავიზო შეზღუდვებისა სხვა სახის აპრობირებული პერსონალური სანქციები იქნას დაწესებული მათ მიმართ“, – განაცხადა გოცირიძემ.