ახალი ამბები საზოგადოება

თბილისის ზოოპარკი: გულით გთხოვთ თავი შეიკავოთ ფოიერვერკებისა და ასაფეთქებლის სროლისგან

გულით გთხოვთ თავი შეიკავოთ ფოიერვერკებისა და ასაფეთქებლის სროლისგან, – აღნიშნულის შესახებ განცხადება თბილისის ზოოპარკის პრესსამსახურმა გაავრცელა.

როგორც ტექსტში ნათქვამია, დაფეთებული ცხოველები ქაოტურად დარბიან და ასკდებიან ღობეებს, ბარიერებს, რა დროსაც სხეულის სერიოზულ დაზიანებებს იღებენ.

„საახალწლოდ ერთი მნიშვნელოვანი სათხოვარი გვაქვს და უმორჩილესად გთხოვთ, გაავრცელოთ, გაითვალისწინოთ და მიაწვდინოთ ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს.

ახალი წლის დადგომა ყველას გვიხარია და ამ სიხარულს ყველა სხვადასხვაგვარად გამოვხატავთ, უბრალოდ… გულით გთხოვთ, განსაკუთრებით, თუ ზოოპარკთან ახლოს ცხოვრობთ, თავი შეიკავოთ ფოიერვერკებისა და ასაფეთქებლის სროლისგან და არ გამოუშვათ მაშხალები ზოოპარკის მიმართულებით.

გაუთავებელი ბათქაბუთქი და გრუხუნი პირდაპირი მნიშვნელობით დამღუპველია ჩვენი ცხოველებისთვის… შარშან, 31 დეკემბრის ღამეს, ახალშობილ გნუს გაუსკდა გული; ძველით ახალი წლის ღამეს მეორე ახალშობილი გნუც დაგვეღუპა. დაფეთებული ცხოველები ქაოტურად დარბიან და ასკდებიან ღობეებს, ბარიერებს, რა დროსაც სხეულის სერიოზულ დაზიანებებს იღებენ.

ჩვენი ვეტექიმები წინასწარ იწყებენ მზადებას: 31-ში საღამოს ცხოველებს დამამშვიდებელ პრეპარატებს აძლევენ: ზოგს – აბებს, ზოგსაც ნემსს უკეთებენ. ეს, ცხადია, არ არის გარანტია, რომ ღამე მშვიდად ჩაივლის, მაგრამ მაინც… სხვა არაფერი შეგვიძლია.

იმედია, გაითვალისწინებთ ამ თხოვნას და ჩვენს უმცროს მეგობრებს უსაფრთხო ახალ წელს აჩუქებთ”, – ვკითხულობთ თბილისის ზოოპარკის განცხადებაში.

იტვირთბა....