31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს კლუბები გაიხსნება, – აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ღამის კლუბებს სტუმართა შეზღუდული რაოდენობით და გამკაცრებული რეგულაციებით ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სექტორთან კონსულტაციების შედეგად, მიღწეულია შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით, რაც გულისხმობს შემდეგს:
- ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები;
- პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი;
- აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;
- რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა, რაც კლუბების მეპატრონეები მთავრობასთან გახსნის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ასევე ცნობილია, რომ კლუბი ბასიანი, მუშაობის უნებართვოდ წამოწყებისთვის, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.