ახალი ამბები საზოგადოება

15 გრადუს ყინვაში წყვდიადში გათენებული ღამეები, ამ ჯოჯოხეთისთვის რატომ გაგვწირეთ? – სვანების წერილი მთავრობას

სვანეთში ელექტროენერგიის მიწოდების საკმაოდ სერიოზული პრობლემები დგას.

მოსახლეობა ამ დროისთვის დენის გარეშე არის დარჩენილი.

ენერგო პრო ჯორჯიამ ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა სრულად მოიხსნა, ხოლო ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ კი განაცხადა, რომ სვანეთში უკანონო მაინერები უნდა გაჩერდეს.

ამ წუთებში სვანეთში აქცია იმართება, გთავაზობთ სვანების გზავნილებს, რომლითაც მათ „ქართულ ოცნებას“ მიმართეს.

“მესტიის ცენტრში ამ წუთებში ვაპროტესტებთ, ელ. მომარაგების სრულ კოლაფსს, ჩაბნელებას და -15 გრადუსში წყვდიადში გათენებულ ღამეებს. ვისაც გაწუხებთ შემოგვიერთდით“,- წერს დავით ხერგიანი.

კიდევ ერთი ახალგაზრდა სვანეთიდან, ნინი ხერგიანი ასევე წერს, რომ მესამე წელია, რაც ეს მაინინგის პრობლემა დგას და ვინმეს სჯერა, რომ ენერგო პროს არ შეუძლია აღმოაჩინოს ეს ფერმები?

მისივე თქმით, ნარმანიამ ისინი ფაქტობრივად სიცივისთვის გაწირა.

„ენერგო-პრო ჯორჯია • Energo-Pro Georgia-მ შუა ზამთარში მოიხსნა ვალდებულება ელექტროენერგიის მოწოდებაზე მესტიის მოსახლეობისთვის.

მესამე წელია, რაც ეს მაინინგის პრობლემა დგას და ვინმეს სჯერა, რომ ენერგო პროს არ შეუძლია აღმოაჩინოს ეს ფერმები?

ბოლოსდაბოლოს ბორშში ვის მოუვიდა მეტი მარილი ის იცით:)) თუ საერთოდ ესაა მართლა რეალური პრობლემა.

ნარმანიამ წეღან თქვა, რომ თუ არ გადავიხდით ელექტროენერგიის საფასურს, დავიხოცებით სიცივით.

შუა ზამთარში გვამცნო ჯიგარმა..

დაგეწყოთ შარშან წინ, შარშან, ამ ზაფხულს მოსახლეობასთან კომინიკუაცია ამ კუთხით.

შემოგეთავაზებინათ შეღავათიანი ტარიფი და ვინ არ გადაიხდის?!

ამ ჯოჯოხეთისთვის რატომ გაგვწირეთ, არჩევნები იყო ალბათ წელს ხომ?

გაზის შემოყვანა რომ თქვენი მმართველობის პირობებში აქ ფანტასტიკის ჟანრია, ვიცით.

ახლა რატომ აკივლდით მთელი სატროლეთი, რომ ღირსები ვართ ყივნაში რომ სული გვხდება?

ტროლბოტები ავრცელებენ ჭორებს, რომ თურმე სვანები ცემენ ენერგოპროს თანაშრომლებს და კიდევ ათასგვარ სისულელეს

ანუ რა გინდათ, პირდაპირ გვითხარით რაა.. რაღაცა გინდათ და თქვით! ბოლოსდაბოლოს 80% ელექტორატი გყავთ აქ

ქართული ოცნება / Georgian Dream

საქართველოს მთავრობა გვხოცავთ ადამიანებს?”, – წერს ნინი ხერგიანი.

გთავაზობთ ენერგო პროჯორჯიას განცხადებას:

„ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მოხმარებას, რაც იქ [მესტიაში] ფიქსირდება. გარდაუვალია ავარიების განმეორება, შესაბამისად, ენერგო-პრო ჯორჯია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენი ანალიზით, მოსახლეობის მოხმარებაც გაზრდილია, თუმცა, მთავარი მიზეზი მაინც უკანონოდ მიერთებული მაინერებია, რომელთა რიცხვიც ამ რთულ დღეებშიც იზრდება. მესტიის არსებული მოხმარება გაუტოლდა 2019 წლის დეკემბრის მოხმარებას, როდესაც 5 მილიონი ლარის მაინერი გავთიშეთ და ამოვიღეთ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად.

მესტიაში არსებული უკანონო მაინინგი არის მავნებლობა მთელი ზემო სვანეთის წინააღმდეგ, ამის ორგანიზატორი მავნებლები აზარალებენ ადგილობრივ პატიოსან მომხმარებლებს და მთელს რეგიონს ორი მთავარი მიზეზის გამო:

  1. მნიშვნელოვნად აზიანებენ ინფრასტრუქტურას. ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ მის აღდგენას 4-5 წელი დასჭირდება;
    2. აახლოებენ გადაწყვეტილებას, რომ მესტიის ყველა მომხმარებელმა დაიწყოს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა.

არასდროს გვისაუბრია, თუმცა ახლა ვაცხადებთ, რომ მესტიის მოსახლეობის უფასო მომარაგებას მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა ენერგო-პრო. 45 მილიონი ლარია დალექილი ამ რეგიონში და აბსურდულია მოსაზრება, რომ თითქოს მოსახლეობას ეკუთვნოდა ან ეკუთვნის უფასო ელექტროენერგია.

ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მინიმუმ უხერხულია პერიოდული ადგილობრივი დამტაცებლების თუ მოსახლეობის მხრიდან ზეწოლა თუ მუქარა ჩვენს თანამშრომლებზე, ავარიული თუ გეგმური გათიშვების არსებობის შესახებ, აგრეთვე შემაშფოთებელია კატეგორიული მოთხოვნა, რომ კომპანიამ შეუფერხებლად მოახდინოს ერთდროულად 10-15 რაინისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდება და თან ყოველგვარი შეფერხების გარეშე“, – ნათქვამია ტექსტში.

 

იტვირთბა....