ახალი ამბები პოლიტიკა სამართალი

მივაღწევთ, რომ სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანონ – ლიზა იასკო სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

მივაღწევთ, რომ სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანონ ,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან ციხეში გადაყვანის მცდელობა როგორც უკრაინის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყურადღების გარეშე არ დარჩება.

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, მას არ შეუძლია ფეხზე დგომა, აქვს სისუსტე და არაერთი ცუდი სიმპტომი. მომხდარის შემდეგ საავადმყოფოში არავის უშვებდნენ, არც მის პირად ექიმებს და არც დედას. მსგავს პროვოკაციებს გამოხმაურებები მოჰყვება, არც გაჩუმდება არც საერთაშორისო თანამეგობრობა, არც უკრაინული მხარე და არც ადამიანის უფლებათა დამცველები.

ეს არის არაადამიანური მოპყრობა. მიხეილ სააკაშვილი არ იღებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას. ამას ემატება პროვოკაციები იმისთვის, რომ მისი საბოლოოდ განადგურება მოხდეს. იმედი მაქვს, მივაღწევთ, რომ მიხეილ სააკაშვილს რეაბილიტაციისთვის სხვა ქვეყანაში გადაიყვანონ, რადგან საქართველოში ის უსაფრთხოდ არაა“, – აცხადებს ლიზა იასკო.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ საზოგადოებას ყოფილი პრეზიდენტის მკურნალი ექიმის ხელმოწერილი ჩანაწერები გააცნო, სადაც წერია, რომ სააკაშვილის ფსიქორეაბილიტაცია საქართველოში შეუძლებელია, თუ ის არ იქნება თავისუფალი.

ასევე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ პენიტენციურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ მიერ გაცემულ ბრძანებას საკანში გადაყვანის შესახებ არ დაემორჩილა.

ამ ფონზე ყოფილ პრეზიდენტს წნევის ცვალებადობა აღენიშნა, რის გამოც მისი გორის ჰოსპიტალში დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

იტვირთბა....