საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იკლებს და ბოლო ერთი თვის მანძილზე პოზიტიური დინამიკა გვაქვს.
მისივე თქმით, ერთადერთი მაჩვენებელი, რომელიც ზემოთ წავიდა ეს არის ყველაზე მძიმე, ანუ სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
„ერთი თვის განმავლობაში საქართველოში პოზიტიური დინამიკა გვაქვს, ახალი შემთხვევები იკლებს, ნელი ტემპით, თუმცა მაინც. ასევე მცირდება ყველა ის ინდიკატორი, რაც დაკავშირებული პანდემიასთან, მხედველობაში მაქვს დადებითობის მაჩვენებლები, რომელიც 6%-ს ჩამოსცილდა. ერთადერთი მაჩვენებელი, რომელიც ზემოთ წავიდა ეს არის ყველაზე მძიმე, ანუ სიკვდილიანობის მაჩვენებელი. რომელიც 17-ი გვაქვს ერთ მილიონ მოსახლეზე, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია ჩვენს ზღურბლოვან ინდიკატორზე.
აცრების მაჩვენებელი დეკემბერში უკეთესი გვაქვს, ანუ ნოემბრის შემდეგ დაწესებულმა ფინანსურმა წახალისებამ საკმაოდ დიდი როლი ითამაშა 60 წელს გადაცილებული ჯგუფების ვაქცინაციის გაფართოებაში. ასევე მიმართვიანობა კარგია მეორად აცრებზეც.
დღეის მონაცემებით საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 63 ახალი შემთხვევა. ჩვენ უკვე ვანგარიშობთ ყოველკვირეულ მონაცემებში რამდენია ომიკრონი. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ზე მერყეობს“, – აცხადებს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 63 ადამიანი გარდაიცვალა.