პოლიტიკა საზოგადოება

მარგველაშვილის თქმით, სააკაშვილი მოშიმშილეებზე ძალიან დარდობს

ბატონი პრეზიდენტი ძალიან დარდობს იმ ადამიანებზე, რომელიც ეხლა შიმშილობენ,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან გორის ჰოსპიტალში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ორივეს განწყობა არის, რომ ურჩიონ ამ ადამიანებს უფრო მოუფრთხილდნენ თავის თავს.

„ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ ჩვენ , საქართველოში პუტინთან დაპირისპირებაში გამორჩეული პოლიტიკოსი, რამდენიც არ უნდა გვქონდეს დაპირისპირებები წარსულში, პუტინის უმთავრეს ინტერესშია, რომ ეს ადამიანი იყოს ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი, ეს არის ჩემი პირადი შეფასება განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ.

ეხლა აქედან გამომდინარე ვთანხმდებით რა ორივენი, რომ საქართველოში საკმაოდ ღრმა კრიზისია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტების გაერთიანება ამ ტემპერატურის დასაწევად ძალიან მნიშვნელოვანია. ორივემ გამოვხატეთ მზაობა, რომ ახალ გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ და ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი და ამან საზოგადოებას უნდა გაუგზავნოს გზავნილი იმისა, რომ ჩვენ საერთო მტრის წინაშე ყოველთვის ვერთიანდებოდით.

ვართ რა გადაფასების და იმის გააზრების პროცესში, რომ რაღაცა ყველა პერიოდში მიდიოდა არასწორად და საჭირო იყო გასწორება. ამ კონტექსტში უნდა გადავწყვიტოთ, რომ გარკვეული პოლიტიკური მორატორიუმი გამოვაცხადოთ, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე. ეს საქმეებია: სააკაშვილი, ხაზარაძის საქმე, ასევე მელია და გვარამია. ანუ ეს საქმეები არის ის, რომელიც საზოგადოებაში ისედაც მიიჩნევა პოლიტიკურად მოტივირებულად. შეიძლება ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვამბობთ არიან თუ არა ისინი დამნაშავეები ან პირიქით. ამ პროცესს გარკვეულად ვაჩერებთ.

ამასთან მინდა ვთქვა, რომ ბატონი პრეზიდენტი ძალიან დარდობს იმ ადამიანებზე, რომელიც ეხლა შიმშილობენ და ჩვენი ორივეს განწყობა არის, რომ ვურჩიოთ ამ ადამიანებს უფრო მოუფრთხილდნენ თავის თავს. იქნებ ამ შიმშილობის განელების მოტივაცია შეიქმნას. ბატონი პრეზიდენტი ამ საკითხზე ძალიან დარდობს“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი დღეს „ენმ-ს“ ლიდერს ნიკა მელიას შეხვდა.

იტვირთბა....