ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, რომ მათ ქართველი კონტრაბანდისტები დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მათ ალკოჰოლური პროდუქციის და თამბაქოს ნაწარმის, ასევე „სახელმწიფო საზღვრის” უკანონო გადაკვეთა ედებათ ბრალად.
„დაკავებულები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის მკვიდრნი ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაიშვილი არიან. ისინი ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის შეტანას ცდილობდნენ. „ეს პირები სამხრეთ ოსეთში უკანონო გზით მოხვდნენ“, – წერია ოკუპირებული ცხინვალის განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს უშიშროების სამსახურმაც გაავრცელა.
„უკანონო დაკავების მომენტიდან მიმდინარეობს მუდმივი კომუნიკაცია ცხელი ხაზით. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად არის ჩართული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებისათვის მიმდინარე აქტივობებში.
უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – აღნიშნულია სუსის განცხადებაში.