ახალი ამბები პოლიტიკა

სუბარი ჩხოროწყუს საკრებულოზე: ენმ-მ და გახარიას პარტიამ კოალიცია ოფიციალურად გააფორმეს

“ქართული ოცნების” წევრი სოზარ სუბარი ჩხოროწყუში გახარიას პარტიის წევრის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამით ენმ-სა და პარტია “საქართველოსთვის” შორის კოალიცია ოფიციალურად გაფორმდა.

მისივე თქმით, რეალურად, მთელი ეს თვეები ეს ორი ძალა საკუთარი ალიანსის ოფიციალურად გაფორმებისთვის ემზადებოდა.

“დღეს ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, როდესაც გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ ენმ-ს მხარდაჭერით აირჩიეს, უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია საქართველოსთვის და ნაციონალურ მოძრაობის კოალიცია. მომხდარი კიდევ ერთხელ ააშკარავებს ტყუილს, თითქოს გახარიას პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობას და კოალიციას გამორიცხავდა. ეს იყო მტკნარი სიცრუე, რაც დღეს უკვე ყველასთვის აშკარა გახდა. რეალურად, მთელი ეს თვეები ეს ორი ძალა საკუთარი ალიანსის ოფიციალურად გაფორმებისთვის ემზადებოდა”, – განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯომარედ გახარიას პარტიის წევრი, შოთა წურწუმია აირჩიეს.

როგორც ცნობილია, კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” და პარტია “საქართველოსთვის” იღებდნენ, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ცნობისთვის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 წევრიდან 12 მანდატი „ქართული ოცნებას“ , შვიდი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, შვიდი პარტია, „საქართველოსთვის“ და ერთი მანდატი პარტია „ლელოს“ აქვს.

იტვირთბა....