საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აზარტული თამაშების შესახებ ახალი რეგულაციების დასაწესებლად კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვაზე მმართველი პარტიის წევრმა, ლადო კახაძემ სიტყვით გამოსვლისას თავისი პოზიცია გამოხატა.
“სხვისი უბედურებით ნაშოვნი ფული არამია და არავის არ შეერგება, ამიტომ ამაზე ნუ გავაკეთებთ აქცენტს, წააგებთ, ნუ იტყვით… იმდენი პოტენციალი არსებობს დალოცვილიშვილებო, კარგი საქმის რეკლამა გავაკეთოთ.
დაბოლოს, ასაკიო – აქ ბრძანეს, – 21 წლიდან 25-ზე რატომ ასწიეთო. პირველი, ის ტვინის უჯრედები, რომელიც პასუხს აგებენ ემოციაზე, ლაბილურნი არიან და ყალიბდებიან დროთა ვითარებაში, მედეგნი ხდებიან გარკვეული დროის განმავლობაში და თავის თავზე დოლაბის დატრიალების მერე. დიახ, 25 წელი კი არადა, ჩემი ნება რომ იყოს, 30 წლამდე ავწევდი შეზღუდვის ასაკს. იმიტომ, რომ საქართველოში 40 წლის კაციც ბავშვად ითვლება, მშობლის ფრთის ქვეშ. ეს ტრადიცია სამხრეთელებს გვაქვს“, – განაცხადა ლადო კახაძემ.