ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, წევრმა ქვეყნებმა ლგბტქ წყვილები მშობლებად უნდა აღიარონ

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის წევრმა 27-მა ქვეყანამ ლგბტქ მშობლები და მათი შვილები ოჯახად უნდა ცნოს.

ამის შესახებ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, თუ ერთი ქვეყანა აღიარებს მშობელსა და ბავშვს შორის ნათესაურ კავშირს, მაშინ ევროკავშირის ყველა ქვეყანამ იგივე უნდა გააკეთოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბავშვის თავისუფალი გადაადგილების უფლება.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლგბტქ მშობლების ცნობა იმ ქვეყანაში, სადაც ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება კანონით დაშვებული არ არის, ეროვნულ იდენტობასა და სახელმწიფო პოლიტიკას საფრთხეს არ უქმნის.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქმის განხილვა, რომელიც ბულგარეთის მოქალაქე კალინა ივანოვასა და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ჯეინ ჯოუნსის სარჩელის საფუძველზე დაიწყო.

ბულგარეთმა უარი თქვა, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილის ახალშობილისთვის მოქალაქეობა მიეცა. ქვეყნის განცხადებით, არ შეიძლება რომ ბავშვს ორი დედა ჰყავდეს.

ბულგარეთის მოქალაქე კალინა ივანოვას და გიბრალტარში დაბადებულ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯეინ ჯონს 2019 წელს ესპანეთში ქალიშვილი შეეძინათ. გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთი მშობელი ესპანეთის მოქალაქე არ იყო, ბავშვს ესპანეთის მოქალაქეობა ვერ ექნებოდა. ამასთან, ბრიტანეთის კანონმდებლობის თანახმად, იმის გამო, რომ ბავშვი გიბრალტარში დაიბადა, ის ვერც ბრიტანეთის მოქალაქეობას მიიღებს.

აქედან გამომდინარე, ივანოვამ გადაწყვიტა შვილისთვის ბულგარეთის მოქალაქეობა მოეთხოვა, რაზეც უარი მიიღო, რადგან ბულგარეთში ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება კანონით დაშვებული არ არის.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბავშვს ბულგარეთის პასპორტი უნდა მიენიჭოს, აღნიშნული გადაწყვეტილება კი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

იტვირთბა....