ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: დანაშაულის ჩამდენები პოლიტიკაში არ რჩებიან – საქართველოში დროა დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტი

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შერიგების მთავარი წინაპირობაა, რომ სამართლიანობა იყოს უზრუნველყოფილი.

მისი თქმით, საქართველოში უნდა დამკვიდრდეს პოლიტიკური სტანდარტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ დანაშაულის ჩამდენები პოლიტიკაში არ რჩებიან.

არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე – ეს არის ცნობილი ფრაზა, რომელიც აქტუალურია ჩვენი პოლიტიკური მოცემულობისთვისაც. სამართლიანობა არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მშვიდობისთვის და პირველ რიგში ამაზე უნდა ვისაუბროთ. ამისთვის, მნიშვნელოვანია, კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა, სააკაშვილის ხელმძღვანელობით უნდა აღიარონ ის უმძიმესი დანაშაულები, რომელიც მათ აქვთ ჩადენილი და ამასთან ერთად, უნდა თქვან, რომ საქართველოში დროა დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტი. ევროპული სტანდარტი მდგომარეობს იმაში, რომ დანაშაულის ჩამდენები პოლიტიკაში არ რჩებიან, ეს არის მინიმალური ევროპული პოლიტიკური სტანდარტი. როცა შენ გყავს ნაწამები, შენი დაკვეთით აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, არაადამიანურად ეპყრობოდნენ, როცა მოპარული გაქვს ხან 9 მილიონი, ხან 48 მილიონი, ხან 2 მილიარდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამის შემდეგ გინდა პოლიტიკაში დარჩენა, ამით პირდაპირ ეწინააღმდეგები ევროპულ პოლიტიკურ სტანდარტს”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული შერიგების თაობაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ამასთან, მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გამართულ დემოკრატიის სამიტზე პირობა დადო, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

იტვირთბა....