ახალი ამბები მთავარი სამართალი

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სისტემურ დანაშაულებებზე პროკურატურას მიმართა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სისტემური დანაშაულის შესახებ საქმეებთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას წერილით მიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პროკურატურას წერილობით პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კახა კოჟორიძემ თავად მიმართა.

“საქართველოს მთავარი პროკურორის დღევანდელი განცხადების შემდეგ საჭიროდ ჩავთვალე წერილობით მიმემართა პროკურატურისთვის და დეტალურად განმემარტა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საჯაროდ დასმული კითხვების შინაარსი. წერილი უკვე გაგზავნილია საქართველოს პროკურატურაში და იმედია საზოგადოება მიიიღებს ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით”, – განაცხადა კოჟორიძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პროკურატურას წერილობით მას შემდეგ მიმართა, რაც მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მზადაა პრეზიდენტთან ითანამშროლოს, მიუხედავად იმისა, რომ მასთან ანგარიშვალდებული არ არის.

“ვფიქრობ, ეს არის უბრალოდ კომუნიკაციის პრობლემა. ჩვენ მზად ვართ საქართველოს პრეზიდენტთანაც ვითანამშრომლოთ მიუხედავად იმისა, რომ მის წინაშე ანგარიშვალდებულება არ გვაქვს. მას ჩვენთვის არ მოუმართავს ოფიციალურად შესაბამისი კითხვებით, თუმცა, თუ მოგვმართავს მზად ვართ პასუხები გავცეთ”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

 

იტვირთბა....