ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

მგლის ხახაში ჩვენივე ნებით: “სოკართან” შეხვედრა შედგა და ფართომასშტაბიანი აქციებიც დაიგეგმა

პოლიტოლოგი – რუსეთის მოკლევადიანი მიზანი ისევ გაზსადენის ხელში ჩაგდებაა

დღეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე “Socar Georgia”-ს ხელმძღვანელ მაჰირ მამედოვს შეხვდა. ის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რასაც კალაძე აკეთებდა რუსული გაზის კომპანიასთან “გაზპრომთან” წარმოებულ მოლაპარაკებებზე, დღეს უნდა გასცემოდა პასუხი.

“შევთანხმდით, რომ ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი იმუშავებს გაზმომარაგების გაზრდაზე,”- ეს განცადება მამედოვმა გააკეთა. მამედოვი ამბობს, რომ შეეცდებიან მოცულობა 7 მილიონ კუბამეტრამდე გაზარდონ.

“განვიხილეთ ძირითადად გაზმომარაგების ტექნიკური შესაძლებლობები, განსაკუთრებით ზამთრის სეზონის პერიოდში, როდესაც მოხმარების დონე გაზრდილია. ვისაუბრეთ ასევე დეფიციტზე და რა გზით და რა საშუალებებით შეიძლება ამ დეფიციტის შევსება. შევთანხმდით რომ ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი იმუშავებს გაზმომარაგების გაზრდაზე და ამას გავაკეთებთ. შევეცდებით 7 მილიონამდე გავზარდოთ მომარაგება. მეორეს მხრივ ვეძებთ შესაძლებლობებს როგორ დავაკმაყოფილოთ გაზზე გაზრდილი მოთხოვნა ზამთრის პერიოდში, არსებული საშუალებებით. ასეთი შაჰდენიზის მილსადენია,” – განაცხადა მაჰირ მამედოვმა.

“აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა,”- ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც მთავრობის კანცელარიაში “სოკარი” საქართველოს ხელმძღვანელთან და “სოკარის” გენერალურ დირექტორთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა. მხარეებმა საქართველოში აზერბაიჯანული გაზის შემოსვლის საკითხები განიხილეს.

“იყო საუბარი, განხილვა არსებული სიტუაციის, იმ ტექნიკური პრობლემების და დისბალანსის, რომელიც ჩვენ გვაქვს ზამთარ-ზაფხულის განმავლობაში. ერთი წლის ჭრილში მთლიანი მოწოდების პრობლემა არ არსებობს, მაგრამ გვაქვს პიკური მოხმარების თვეები. განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, როდესაც ამ პრობლემის მოგვარება ხდებოდა რუსული გაზით დაბალანსების შედეგად. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ აზრებაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ მომავალიც ვაგრძელებთ თანამშრომლობას, ურთიერთობას,” – განაცხადა კახა კალაძემ.

“ჩვენ მოხარულები ვართ ამ შეხვედრით. ეს არის ჩვენი პირველი შეხვედრა ახალი წლის შემდეგ და პირველი შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილთან პრემიერის რანგში. ორივე მხრიდან შეხვედრას მაღალი წარმომადგენლობა ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ “სოკარის” პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. ძირითადად განვიხილეთ გაზის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობები პიკურ, ზამთრის პერიოდში. ზამთარში მოხმარება იმატებს, თუმცა ეს პროგნოზირებადია. ძირითადად განივიხლეთ შექნილი დეფიციტის შევსება როგორი ტექნიკური გზით შეიძლება. შევთანხმდით, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ექსპერტები ერთობლივად იმუშავებენ”, – განაცხადა მამედოვმა.

კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეაფასა აზერბაიჯანელ პარტნიორებთან შეხვედრის საკითხი. პრემიერმა აზერბაიჯანთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

“აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მიუხედავად ბოლო პერიოდში არსებული პოლიტიკური სპეკულაციებისა, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა კომპანია “სოკართან” უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. აზერბაიჯანი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენ გვსურს პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ სამომავლო ურთიერთობები და ერთად გადავჭრათ პრობლემები. ვფიქრობ, არანაირ ტექნიკურ წინაღობას არ შეუძლია ხელი შეუშალოს ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

“სოკარის” წარმომადგენლებთან შეხვედრას “თავისუფალი დემოკრატები” გამოეხმაურნენ.

“გახსოვდეთ, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, “გაზპრომი” კი ოკუპანტის ინსტრუმენტი” – ამბობს პატრტიის ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი.

“თავისუფალი დემოკრატები” შეშფოთებული ვართ ხელისუფლების მხრიდან გაზის მიწოდების საკითხებთან დაკავშირებით თვეების განმავლობაში საზოგადოებაში ჯერ ინფორმაციის დაფარვის, შემდეგ კი ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტების მიწოდების. ეს ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებების წარმოება ემსახურება არა სახელმწიფო, არამედ კერძო ინტერესების განხორციელებას და შესაძლოა ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდეს. ეს მოლაპარაკებები განსაკუთრებით სახიფათოდ გვეჩვენება აზერბაიჯანული მხარის განცხადებების ფონზე, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანს არ აქვს არავითარი პრობლემა გაზის რაოდენობასთან დაკავშირებით და მას შეუძლია საქართველოსთვის ბუნებრივი აირის შეუფერხებლად მიწოდება კონკრეტულად, შაჰდენიზის ერთი პროექტის ფარგლებში.” – განაცხადა პეტრიაშვილმა.

კოალიცია “ქართული ოცნების” წევრმა თამარ კორძაიამ გაასაჯაროვა მომიწერა ენერგეტიკის სამინისტროსთან.

დეპუტატის თქმით, მიმოწერაში (მე-7 პუნქტში) სამინისტრო აღნიშნავდა, რომ „სოციალური სეგმენტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით „სოკართან” გაფორმებულია გრძელვადიანი ხელშეკრულება, 2009 წლიდან. სახელმწიფო „გაზპრომიდან” კომერციული სექტორისათვის ამ ეტაპზე არ გეგმავს ბუნებრივი აირის შესყიდვას, რადგან კომერციული სექტორი დერეგულირებულია და კომერციულ მომხმარებლებს აქვს შესაძლებობა, თავად აირჩიონ მომწოდებელი და გააფორმონ ხელშეკრულება”.

როგორც დეპუტატი ამბობს, ირკვევა, რომ არც სოციალურ და არც კომერციულ გაზზე რუსეთიდან ექსპორტი არ იგეგმებოდა, თუმცა, გუშინ მინისტრმა თქვა, რომ ექსპორტი უნდა გაიზარდოს იმ დეფიციტის შესავსებად, რომელიც საქართველოს აქვს.

„ასეთ შემთხვევაში, გვჭირდება დასაბუთება, თუ რომელ სეგმენტზე გაიზარდა მოთხოვნა და რა შეიცვალა ამ ორი თვის განმავლობაში, რამაც პირობების შეცვლა გამოიწვია”, – ამბობს კორძაია.

გაზმომარაგების საკითხზე ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის მიმართ დეპუტატ თამარ კოძაიას წერილს მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა უპასუხა: “აზერბაიჯანიდან ხანგრძლივად გაზის მოწოდების შეფერხება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ფიზიკურად საქართველოს სხვა წყარო არ გააჩნია მოკლევადიან პერსპექტივაში, გარდა რუსეთისა”.

„ირანი-სომხეთი-რუსეთის მიმართულებით გაზის მიწოდების საკითხი არ განიხილება. ჩვენი აზრით, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს საქართველოს გავლით ევროპის მიმართულებით გაზის ტრანსპორტირებას შავი ზღვის მეშვეობით და როგორც აღვნიშნეთ, ამ მიმართულებით მიმდინარეობს შესაძლებლობების შეფასება. თურქეთიდან უკუდინებით საქართველოს გაზმომარაგება არ არის აქტუალური. დღეს ჩვენი პრიორიტეტია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა, კასპიის რეგიონიდან დამატებითი მოცულობების ტრანსპორტირება დასავლეთის ბაზრებისკენ და სწორედ ამ პროექტების ფარგლებში ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა”, – აცხადებდა სამინისტრო კორძაიასთან მიმოწერაში.

პოლიტოლოგი გიორგი ცხადაია მიიჩნევს, რომ რუსეთის მოკლევადიანი ინტერესი გაზსადენის ხელში ჩაგდებაა.

“გაზსადენს, რომლითაც რუსეთი სომხეთს ბუნებრივ აირს აწოდებს, ფლობს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, რომლის მფლობელიც არის სახელმწიფო. ამ გაზსადენის შესყიდვის ინტერესი წარსულში რუსეთმა ღიად გამოთქვა. საქართველოს მხრიდანაც, ერთი პერიოდი, იყო საუბარი იმაზე, რომ ეს გაზსადენი რუსეთს მიეყიდა. ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე 2005 წელს აცხადებდა, რომ პრობლემა არ იქნებოდა, თუ გაზსადენი „გაზპრომის“ მფლობელობაში გადავიდოდა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით ამერიკის გაღიზიანება რომ არ გამოეწვია, სააკაშვილმა რამდენიმე თვეში განაცხადა, რომ გაზსადენის გაყიდვა არ იგეგმებოდა.

ამის მიუხედავად, რუსეთს გაზსადენის ყიდვისადმი ინტერესი არ დაუკარგავს. 2006 წელს „გაზპრომმა“ საქართველოს გაზის მიწოდების ფასი გაუძვირა. მედვედევმა მაშინ განაცხადა, რომ საქართველოს შეეძლო გაზრდილი ფასის ღირებულება აქტივებით დაეფარა. კითხვაზე, თუ რომელი აქტივები აინტერესებდა რუსეთს, მედვედევმა შემდეგნაირად უპასუხა: “ეს მათი ამოცანაა. მე მრჩევლად არ გამოვალ. წარსულში ჩვენ მივუთითეთ, რომელი აქტივები გვაინტერესებდა, მაგრამ საპასუხოდ ვერაფერი მოვისმინეთ“. ცხადია, მედვედევი სწორედ ისევ მაგისტრალური გაზსადენის ყიდვას გულისხმობდა.

აშკარაა და დღესავით ნათელია, რომ რუსეთის მოკლევადიანი მიზანი ისევ ამ გაზსადენის ხელში ჩაგდებაა. გრძელვადიანი მიზანი კი რეგიონის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების და პოლიტიკური დამოკიდებულების გაზრდაა. ამას საქართველოს ხელისუფლება ან ვერ იაზრებს, ან ზეწოლის ქვეშ არის, ანაც გამიზნულად პრორუსულ პოზიციას იკავებს. მესამე დროებით გამოვრიცხოთ, რადგან მაშინ რამის განხილვას აზრი საერთოდ დაეკარგება და პირდაპირ ხელისუფლების შეცვლაზე უნდა ვიფიქროთ. პირველი და მეორე შესაძლებლობა განვიხილოთ.

ცხადაია “რადიო თავისუფლებასთან” გარკვეულ საფრთხეებზეც მიუთითებს.

“ევროპისთვის ამ გაზზე დამოკიდებულება არჩევანი კი არ არის, მოცემულობაა, რომლისგანაც გაქცევას ევროპის ქვეყნები დღემდე ცდილობენ. ჩვენ მაშინ, როცა არჩევანი გვაქვს, მტრულად განწყობილი სახელმწიფოსთვის ზემოქმედების ბერკეტების გაზრდა არაფერში გვჭირდება. რუსეთთან გარიგებით ადვილად შესაძლებელია, რომ გავიფუჭოთ საქმე ძველ და საიმედო პარტნიორთან – აზერბაიჯანთან – და მომავალში დივერსიფიკაციის შესაძლებლობა უფრო შევამციროთ, ფაქტობრივად, პირდაპირ მგლის ხახაში აღმოვჩნდეთ ჩვენივე ნებით. იმის ნაცვლად, რომ ახლა უკვე შემდგარი პოლიტიკური პარტნიორობის გამყარებას ვცდილობდეთ აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ეგზისტენციალური რისკის წარმომშობ ქვეყანასთან ვიწყებთ კეკლუცობას”.-ამბობს ცხადაია.

როგორ დასრულდება “გაზპრომთან” წარმოებული მოლაპარაკებები ამ დროისთვის უცნობია. კალაძე ჯიუტად ცდილობს მუდმივად დეფიციტზე აკეთოს განცხადებები და ამით ახსნას ევროპაში “გაზპრომის” ხელმძღვანელთან ალექსეი მილერთან ევროპაში გასაიდუმლოებული ვოიაჟები, თუმცა, მალე ვნახავთ რა სახით “ითანამშრომლებს” ჩვენი ქვეყანა რუსული გაზის კომპანიასთან.

ამ ყველაფრის ფონზე კი უკვე დაანონსდა ფართომასშტაბიანი აქცია “არა გაზპრომს”, რომელიც 16 იანვარს, კანცელარიასთან უნდა გაიმართოს…

მარიამ ვარადაშვილი

 

 

იტვირთბა....