ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი საზოგადოება სამართალი

“ტაბულას თავს დაესხნენ… შესაძლებელია მეც გავხდე მსხვერპლი”

ნინია კაკაბაძე მეტრონომთან აცხადებს, რომ მიუსაფარი ადამიანების ფონზე, სულიერი ლიდერი არ შეიძლება ფუფუნებაში ცხოვრობდეს

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე ხშირად აკრიტიკებებს საპატრიარქოს. მის ბოლო პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. კაკაბაძე მუდმივად საუბრობს მართმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა ქონებრივ მდოგომარეობაზე. ამის საფუძველს ბოლოდროინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებიც იძლევა – 2015 წელს საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოს კრწანისის ტყე-პარკის სანაცვლოდ, ბობოყვათის რეზიდენცია გადასცა.

“მეტრონომი” ნინია კაკაბაძეს ესაუბრა. მის მიერ ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით.

„მეტრონომი“: რატომ გადაწყვიტეთ ილია II- ის ქონებაზე საუბარი იმ დროს, როცა ის ყველაზე დიდი  ნდობით სარგებლობს ქვეყანაში?

ნინია კაკაბაძე:  არ მესმის თქვენი კითხვა, არ შეიძლება იმ ადამიანზე საუბარი, რომელიც ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს? ასეთ ადამიანებს უფრო უნდათ დაკვირვებული კრიტიკა და მათზე საუბარი გაცილებით მნიშვნელოვანია.

– ვიცით, რომ საპატრიარქოს დიდი დაფინანსება აქვს. ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელსაც უნდა ძალაუფლება შეინარჩუნოს, 80%-იანი რეიტინგის მქონე ეკლესიის მესვეურები „კმაყოფილი“ უნდა ჰყავდეს. რამდენად შეძლებს ცალკეულ პირთა კრიტიკა ამ ტენდენციის ცვლილებას?

– რა თქმა უნდა შეძლებს, იმიტომ, რომ საზოგადოება მიხვდება და მით უმეტეს ის 80%, თუ რამდენიც არის, რომელთა ნდობითაც სარგებლობს პატრიარქი, მიხვდება, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს კრიტიკის ობიექტი. ამას მიეჩვევა და შემდეგ შესაძლოა მათაც დაიწყონ კრიტიკული შეფასება, ან უბრალოდ დაკვირვება იმ ადამიანზე, რომელსაც ასე უპირობოდ ენდობიან.

სამწუხაროდ ტენდენცია არის ძალიან შემაშფოთებელი. ამ ადამიანებმა კერპად აქციეს პატრიარქი. ისინი ჩვეულებრივი კერპთაყვანისმცემლები არიან და მათ არანაირი საერთო არ აქვთ ქრისტიანობასთან, ღმერთის სიყვარულთან. მათ უბრალოდ იციან, რომ არავინ არ უნდა ახსენოს მათთვის მიუღებელ კონტექსტში პატრიარქი და თუ ახსენებ ისინი უკიდურეს აგრესიას გამოხატავენ. განსხვავებული აზრის არსებობა ნებისმიერი საზოგადოების განვითარებისთვის არის პირობა. თუ განსხვავებული აზრი არ იქნება, მით უმეტეს ისეთ ადამიანზე რომელიც ასეთი ნდობით სარგებლობს, ჩვენ ვერ განვითარდებით ძალიან დიდხანს.

– ფიქრობთ, რომ კრიტიკული აზრი პატრიარქთან დაკავშირებით იზრდება?

– პირადად მე, უკანასკნელი 15 წელია როცა რამე ტენდენცია არ მომწონს, იქნება ეს ეკლესიასთან დაკავშირებული, თუ საპატრიარქოსთან, თავს არ ვიკავებ კრიტიკისგან. მერწმუნეთ, 15 წლის წინ ჩემს გარდა კიდევ ერთი, ან ორი ადამიანი იყო, რომელიც ამაზე ხმამაღლა საუბრობდა. დღეს მათი რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია, ეს ძალიან კარგი და დადებითი ტენდენციაა.

– პატრიარქის დაბადების აღნიშვნის დღეს ერთი პირი ქუჩაში გარდაიცვლა. საზოგადოების ნაწილმა გარკვეულ მორალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. თქვენც თვლით, რომ იმ ფონზე როცა ადამიანი ქუჩაში კვდება, მსგავსი ღონისძიების გამართვა არ იყო გამართლებული?

– ზოგადად გაუმართლებელია ქვეყანაში, სადაც სიღარიბის ზღვარს მიღმა ძალიან ბევრი ადამიანია და ეკონომიკური პრობლემები ძალიან დიდია, იქ ქვეყნის სულიერი ლიდერი ცხოვრობდეს ფუფუნებაში, როგორშიც ცხოვრობს. ეს მიუღებელია. იმ კონკრეტულ დღეს გარდაიცვალა თუ არა ადამიანი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი მიუსაფარი ადამიანი ცხოვრობს და მათ შორის ბავშვები. ამის ფონზე, სულიერი ლიდერი ცხოვრობდეს ისეთ ფუფუნებაში, როგორშიც ცხოვრობს პატრიარქი, ჩემთვის პირადად არის მიუღებელი.

– თქვენ თქვით, რომ მუქარის წერილებს იღებთ, გუშინ “ტაბულას” ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. შეიძლება თქვენ საფრთხე გემუქრებოდეთ?

– რა თქმა უნდა შესაძლებელია. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, რომ ერთი ნაბიჯია ვერბალური აგრესიიდან ფიზიკურ აგრესიამდე. ამ დროს მოხდა სწორედ ის, რომ ადამიანებს, რომლებიც ასევე კრიტიკულები არიან თავიანთ შეფასებებში საპატრიარქოსა და პატრიარქის მიმართ, “ტაბულას” თავს დაესხნენ. ასე რომ, ჩემი სიტყვები პრაქტიკულად, უკვე საქმით დადასტურდა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია მეც გავხდე მსხვერპლი.

– თქვენი ძმა გამოეხმაურა თქვენს პოსტს სოციალურ ქსელში, სადაც ამბობს, რომ პატრიარქს განსაკუთრებული ქონება არ გააჩნია. რას უპასუხებდით მას?

– ჩემი ძმის განცხადებაზე კომენტარს მე არ გავაკეთებ. თავად ირაკლი საუბრობს ხოლმე თავის განცხადებებზე. რაც შეეხება პატრიარქის შემოთვლას, თითქოს მას ქონება არ გააჩნია – მას აქვს ქონება, საკმაოდ დიდი და ის ამ ქონებაში ცხოვრობს, მაგრამ არც ერთი ჩვენთაგანი რომ მოვკვდებით ქონებას თან ვერ წავიღებთ. მისი განცხადება იმას ჰგავდა, რომ მე რომ მოვკვდები ქონება აქ დარჩებაო. რა თქმა უნდა აქ დარჩება, თუმცა სანამ ის ცოცხალია ამ სიმდიდრეში ცხოვრობს.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....