“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია” სამართალდამცავებს სასწრაფო გამოძიებისკენ მოუწოდებს
ტელეკომპანია „ტაბულას“ ჟურნალისტები თავდასხმის შემდეგ პირველ კომენტარებს აკეთებენ. “ტაბულას” ჟურნალისტებს რესტორანში თავს დაესხნენ იმის გამო, რომ ვიყავით “ტაბულას” ჟურნალისტები. ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების გამო დაგვესხნენ თავს. მოგვაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. სამნი იყვნენ და ამბობდნენ, რომ თავს იმიტომ გვესხმოდნენ, არ გვქონდა რესტორანში დაჯდომის უფლება, იმის გამო, რომ “ტაბულას” ჟურნალისტები ვიყავით. დაამტვრიეს თეფშები, სკამები. გვესროდნენ თეფშებს. პატრულის მოსვლამდე გაიქცნენ“. – განაცხადა „ტაბულას” ჟურნალისტმა ირაკლი კიკნაველიძემ.
„ჩვენი ტელევიზია ცდილობს იყოს მოწოდების სიმაღლეზე, გააშუქოს ეთიკურად ყველაფერი, მიუდგეს კრიტიკულად ყველანაირ ინსტიტუტს, ამის გამო გახდა თავდასხმის ობიექტი. ბუნებრივია, ვერც ერთი მოძალადე ვერ შეძლებს შეცვალოს ტელეკომპანია „ტაბულას“ პრინციპები“. – ამბობს ჟურნალისტი ლევან სუთიძე.
მისივე განცხადებით, 4 თავდამსხმელი ვიდეოჩანაწერის მეშვეობით ამოიცნეს. როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლი 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.
სუთიძემ „მეტრონომთან“ საუბარში განაცხადა, რომ თავდამსხმელებმა, ჩხუბის დროს, რელიგიურ თემატიკასთან ერთად „ტაბულას“ ჟურნალისტებს 2010 წელს მოწმედ ყოფნის საქმეც გაუხსენეს. 2010 წელს ილიას უნივერსიტეტის წინ აქციის დარბევის მოწმეები გახდნენ კიკნაველიძე და სუთიძე.
„მეტრონომი“ პოლიტპატიმრის სტატუსით გამოშვებულ და ახლა უკვე უფლებადამცველ გიორგი გაბედავასაც ესაუბრა. გაბედავა ამბობს, რომ მისი და სხვა ბიჭების საქმე საქართველოში ბევრმა იცის და ნებისმიერს შეიძლებოდა გაეხსენებინა სუთიძისთვის „ცრუმოწმეობის“ ამბავი.
„ჩემი ამბავი მთელმა საქართველომ იცის და ლევან სუთიძის გარდა 32 პატრულის თანამშრომელი იყო ჩვენი ცრუმოწმე, ეს საქმეშია დადასტურებული. თავდამსხმელი ნამდვილად არ ვიცი ვინ იყო, რომც ვიცოდე არ ვიტყოდი. მე ყველას მოვუწოდებ სუთიძის მსგავსს ადამიანებისთვის ხელი არ გაისვარონ. ცემით მაგათ ვერ გამოასწორებ. რამეს რომ ცვლიდეს ცემა, სამი წელია გამოსული ვარ და მე თვითონ ვცემდი. მე არ ვიცი ვინ იყო თავდამსხმელი, მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით მადლობას გადავუხდიდი, თუმცა, მოვუწოდებდი ასეთი რაღაცეები არ გაეკეთებინა“. – აცხადებს გაბედავა.
გაბედავა პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლდა, თუმცა როგორც თვითონ აცხადებს ევროპის სასამართლო აქვს მოგებული.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „კავკასიაში“ შეჭრის ბრალდებით 8 ახალგაზრდა დააკავეს. მათ შორის გიორგი გაბედავა. აღსანიშნავია, რომ ამ ბიჭების ადვოკატი პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე იყო.
P.S. მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციამ” (IAGJ), რომელიც საქართველოში ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის(IFJ) ერთადერთი წევრი ორგანიზაციაა. ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს უმოკლეს ვადაში მოხდეს “ტაბულას” ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტის გამოძიება და დამნაშავების დასჯა.
მარიამ ვარადაშვილი