კომპანია “მაგთიკომი” იანვრის ბოლოდან მომსახურების პირობებს ცვლის, კერძოდ: ბანის აბონენტები იმ ტარიფებით ისარგებლებენ, რაც ტარიფებიც მაგთის აბონენტებს აქვთ.
ეს გულისხმობს, რომ ისევე როგორც მაგთის აბონენტებისთვის იყო აქამდე, ბანის აბონენტებისთისაც SMS მომსახურება იანვრის ბოლოდან 6 თეთრი გახდება, ხოლო ანგარიშზე არსებული ბალანსის შესამოწმებლად 444-ზე დარეკვა ყოველ ჯერზე 2 თეთრი. მანამდე ბანის აბონენტები SMS მომსახურებაში 5 თეთრს იხდიდნენ, ხოლო 444-ზე დარეკვა უფასოდ შეეძლოთ.
ცვლილება მომსახურების უნიფიცირების პროექტის ფარგლებში ხდება, რაც გულისხმობს “მაგთიკომის” ბრენდების, ბანისა და მაგთის მომსახურების პირობების დაახლოებას. თუმცა, რატომ გახდა ეს უკანასკნელი საჭირო, ამას კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ. როგორც „მეტრონომს“ განუცხადეს, ეს კომპანიის გადაწყვეტილებაა და მიზეზი უცნობია.
ბანის აბონენტებისთვის, ისევე როგრც მაგთის აბონენტებისთვის, არსებობს ბალანსის შემოწმების ალტერნატიული, უფასო საშუალება. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ აკრიფონ *111*1# OK და საკუთარი ნომრის ბალანსი უფასოდ გაიგონ.
ასევე, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს შეღავათიანი SMS/MMS პაკეტები: 100 SMS/MMS 1 ლარად (სადაც 1 SMS-ის ფასი გამოდის 1 თეთრი); 400 SMS/MMS 2.5 ლარად (1 SMS-ის ფასი გამოდის 0.6თეთრი); 1000 SMS/MMS 5 ლარად (1 SMS-ის ფასი გამოდის 0.5 თეთრი).