ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურორი: სააკაშვილმა ბევრი ისაუბრა უკრაინაზე, ვენესუელაზე, იმ საკითხებზე, რომელიც არ ეხებოდა საქმეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ბევრი ისაუბრა სხვადასხვა ქვეყანაზე, თუმცა არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია  ტელეიმედის დარბევაზე.

მისი თქმით, საზოგადოებამ ვერ მოისმინა ვერცერთი განმარტება წარდგენილ ბრალდებაზე.

“მიხეილ სააკაშვილმა ბევრი ისაუბრა სხვადასხვა ქვეყანაზე: უკრაინაზე, ვენესუელაზე, ასევე იმ საკითხებზე, რომელიც არ ეხებოდა საქმეს, მაგრამ ვერცერთი განცხადება ვერ მოვისმინეთ „ტელეიმედის“ დარბევაზე, მაგალითად, რაც არის მთავარი ბრალდება დღეს განსახილველი საქმის. ვერცერთი განმარტება ჩვენ, ბრალდების მხარემ ვერ მოვისმინეთ, თუნდაც იმ ძალადობაზე ჟურნალისტების მიმართ, რომელიც ბრალდების ძირითადი ეპიზოდია. ჩვენ ვერცერთი განმარტება ვერ მოვისმინეთ, რატომ წაართვეს პატარკაციშვილის ოჯახს ქონებები.

ჩვენ ამაზე გვაქვს მტკიცებულებები წარმოდგენილი, ე.წ. მემორანდუმი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაფორმდა ამ ოჯახის მიმართ, საიდუმლო პირობებში – ეს არის უტყუარი დასტური, რომ ამ ოჯახს ჩამოართვეს ქონებები. ამაზე მოვისმინეთ ერთი სიტყვა ბრალდებულის მხრიდან? ეს შეკითხვები არსებობს, ეს მტკიცებულებები არის წარმოდგენილი და იგი პასუხებს ვერ სცემს.

თქვენ ალბათ, მოისმინეთ პატივცემულო სასამართლო, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ბრალდებულმა, მანიაკური უწოდა 7 ნოემბრის საქმის გამოძიებას. როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ არავინ დაზარალებულა? ეს მტკიცებულებები გვაქვს წარმოდგენილი და ნაცვლად იმისა, რომ ამ მტკიცებულებებზე ვისაუბროთ და დემონსტრირება მოვახდინოთ, ვისმენთ პოლიტიკურ პოზიციებსა და ერთსაათიანი გამოსვლა ვიხილეთ მხოლოდ სანახაობა პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით”, – განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

იტვირთბა....