გერმანიაში 17-დან 45 წლამდე მამაკაცები ვალდებულები იქნებიან, ქვეყნიდან დიდი ხნით გამგზავრებისთვის ნებართვა თავდაცვის უწყებისგან მიიღონ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, შესაბამისი რეგულაცია გაწერილია სამხედრო სამსახურის მოდერნიზაციის შესახებ ახალ კანონში.
ახალი წესების მიხედვით 17-დან 45 წლამდე გერმანიის მოქალაქე მამაკაცებს სამ თვეზე მეტი ხნით ქვეყნიდან გამგზავრების შესახებ ბუნდესვერს უნდა შეატყობინონ და შესაბამისი ნებართვა მიიღონ.
მანამდე მოქმედი კანონით, ასეთი ნებართვის მიღება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იყო სავალდებულო, როდესაც ქვეყანაში საგანგებო სიტუაციაა ან არსებობს გარე ძალების მხრიდან თავდასხმის საფრთხე.
გერმანული მედიის ცნობით, ჯერ უცნობია, როგორ მოხდება ახალი კანონის აღსრულება, რადგანაც გერმანიის მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა ამ ცვლილების შესახებ არ იცის. ასევე გაურკვეველია, რა სახის სანქცია დაეკისრებათ ახალი რეგლამენტის დამრღვევ პირებს.

