ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლომჯარია: სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე, პროცესში ზედამხედველობის მიზნით ჩავერთვებით

საქართველოს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა, ჩვენ პროცესში ზედამხედველობის მიზნით ჩავერთვებით, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

“გუშინ მივიღეთ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თხოვნის წერილი, რომ ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ე.წ. მეორე მოსაზრების წარდგენის გზით, რასაც ჩვენ ვუპასუხეთ. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა, ჩვენ პროცესში ჩავერთვებით პროცესის ზედამხედველობის მიზნით. ასევე, სახელმწიფოს მიერ წარდგენილ კონსილიუმს ჩვენი კონსილიუმი წარუდგენს ე.წ. მეორე მოსაზრებას, რაც სამედიცინო სივრცეში მოსაზრების გაზიარების და რეკომენდაციების წარდგენის მხრივ აპრობირებული გზაა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოცემულ დროებით ღონისძიებას, ლომჯარიას თქმით, ხელისუფლებამ იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად ემზადებოდა.

„მტკიცებულებები არ მაქვს და არ ვიცი, როდის მიიღო ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოსგან, თუმცა, ვვარაუდობ, მათ იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად. როგორც ჩანს, სააკაშვილის ადვოკატებს წარდგენილი ჰქონდათ სასამართლოში სახალხო დამცველის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა. შესაბამისად, ვფიქრობ, მაღალი ალბათობა იყო იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. რეალურად, იცოდნენ, რომ სასამართლო ექსპერტიზის გადაწყვეტილებას დაეყრდნობოდა“,-განაცხადა ლომჯარიამ.

იტვირთბა....