ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კოვიდპასპორტის არმქონე პირის სხვადასხვა ობიექტში შესვლის გამო, ჯარიმა არა მოქალაქეს, არამედ ბიზნეს სუბიექტს დაეკისრება

1-ელი დეკემბრიდან, კოვიდპასპორტის არმქონე პირის სხვადასხვა ობიექტში შესვლის შემთხვევაში, ჯარიმა არა მოქალაქეს, არამედ ბიზნეს სუბიექტს დაეკისრება. ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ ინტერპრესნიუსს განუცხადა.

“დარღვევის აღმოჩენისას დაჯარიმდება მხოლოდ ობიექტი, ხოლო კოვიდპასპორტის არმქონე მოქალაქეს ასეთ შემთხვევაში ჯარიმა არ დაეკისრება.

შრომის ინსპექცია როგორც აქამდე აკონტროლებდა კოვიდრეგულაციების აღსრულებას, ასევე გააკონტროლებს ე.წ. მწვანე პასპორტების მოქმედების არეალებში დასაცავ წესებს. ეს იქნება გეგმური და არა გეგმური ინსპექტირებები და მოვახდენთ იდენტიფიცირებას, თუ რამდენად იცავს ობიექტი ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა აღმოვაჩინეთ, ეს იწვევს ფიზიკური პირის მიმართ 2000 ათასლარიან ჯარიმას, იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიან ჯარიმას. ხოლო თუ კომპანია სისტემურად არღვევს და ამაზე გვაქვს ინფორმაცია, შესაძლოა, ეს დალუქვის და ასევე, დროებით საქმიანობის შეჩერების საფუძველიც გახდეს. ეს რეგულაციები 1-ელი დეკემბრის შემდეგ შედის ძალაში. კომპანიამ არ უნდა შეუშვას და თუ შეუშვებს ეს უკვე კომპანიის პასუხისმგებლობაა. მხოლოდ კომპანია ჯარიმდება, მოქალაქე არა.

შემოწმების ნაწილში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უწყებები იქნებიან ჩართული. იქნება ეს შს სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ა.შ. ერთობლივად მოვახდენთ ზედამხედველობას”,- ამბობს ფერაძე.

იტვირთბა....