ექიმი, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრი, გიორგი პაპიაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით ნიკოლოზ ყიფშიძის ინიციატივის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ ექიმმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“მიკავშირდებიან ჟურნალისტები და მთხოვენ ჩემი მოსაზრების გამოხატვას გუშინ ბატონი ნიკოლოზ ყიფშიძის მიერ გამოთქმული წინადადების შესახებ პაციენტის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ამისთვის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს კვების აღდგენის პროცესში, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ექიმებს, ვინც მას ამჟამად მკურნალობენ, შესწევთ უნარი პაციენტის სრულყოფილი რეაბილიტაციის”, – წერს პაპიაშვილი სოციალურ ქსელში.
გუშინ, 20 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ, მისი პირადი ექიმი ექსპრეზიდენტის თავისუფალ გარემოში მკურნალობის ინიციატივით გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი თავად სააკაშვილთან არ შეუთანხმებია.